gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი ისტორია ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი

 

 

  IMGA0037 DSC00485 P1190141 P1120022 P1190150

 

1889 წლის 24 სექტემბერს (7 ოქტომბერი) გორის სასულიერო სასწავლებლის შენობის მეორე სართულზე განთავსებული ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა. იმ დროისთვის ამ წმინდანის სახელობის  ერთადერთ ტაძარი იყო საქართველოში. ჩვენამდე მოღწეულია გაზეთ „მწყემსის“ 1890 წლის №2-სი დაბეჭდილი „სიტყვა თქმული გორის სობოროს მღვდლის იოილ გამრეკელოვისაგან გორის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიის კურთხევაზედ, 24-ს სექტემბერს 1889წ.“. სხვა ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. 1920 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა სასწავლებლის შენობის მეორე სართული და მასთან ერთად ეკლესია.  
მხოლოდ 2006 წლის 31 ოქტომბერს აღდგა და სამთავისისა და გორის ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) მიერ ხელახლა იკურთხა გიმნაზიის ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე. მღვდელმთავარმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პირველი წირვა აღასრულა და დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი) ტაძრის მოძღვრად დაადგინა.
საეკლესიო მსახურება ტაძარში შაბათ-კვირას და საუფლო დღესასწაულებზე აღესრულება. ტაძარში დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი) და მღვდელი იოანე (ბონდარენკო) მსახურობენ. მგალობელთა გუნდს გიმნაზიის მოსწავლეები შეადგენენ, ასევე გიმნაზიელები არიან ტაძრის სტიქროსნები. ყოველდღიურად, მეცადინეობების დაწყებამდე მოსწავლეთათვის ტარდება დილის ლოცვა, ორშაბათობით, დიდ დასვენებაზე აღესრულება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის პარაკლისი.
ტაძრის დღესასწაული 10 ივლისს აღინიშნება - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელისა და მღვდელმოწამე კირიონ მეორის ხსენების დღე.

 

 

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.

 

1009 წელს დაიბადა გიორგი ,,ტარიგი ღმრთისაი"
შვიდი წლისა ჩააბარეს აღსაზრდელად  ტაძრისის მონასტერში, სადაც  მისი უფროსი და თეკლა, დედა საბიანას წმინდა ხელმძღვანელობის ქვეშ მოღვაწეობდა. გიორგიც აქვე დავტოვეს, ვიდრე დრო მოვიდა, მისგან დედათა მონასტრის დატოვებისა.
ტაძრისში ყოფნისას რამდენჯერმე მოინდომა ბოროტმა სულმა მისი დაღუპვა, მაგრამ ყოველთვის ნათლით მოსილი ანგელოზი იცავდა ყრმა გიორგის, მდინარეში დახრჩობისგანაც და ცეცხლში დაწვისგანაც.
ცხადია ყმაწვილი დიდი ხნით დედათა მონასტერში ვერ დარჩებოდა და ათი წლისა გაგზავნეს ხახულის მამათა მონასტრში სადაც მამის ძმები, გიორგი მწერალი და საბა ხახულელი მოღვაწეობდნენ.
იმ დროს ხახულის მონასტერში, ღირსი მაკარი მმარხველი, ღირსი ბასილი, ანტონი მნათე_ ღმერთშემოსილი და სხვა წმიდა მამები მოღვაწეობდნენ. უხუცეს სამღვდელოთა საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი, შვილად აყვანილი ყმაწვილი, ილარიონ თუალელისთვის მიებარებინათ.
ღირსმა ილარიონმა აღზარდა ,,ვითარცა ღვთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი" ამ წმიდა მამების ცხოვრებამ და მაგალითმა წარუშლელი კვალი დააჩნია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებას.
ყრმა გიორგი საკვირველი სისწრაფით სწავლობდა ენებს: ბერძნულს არაბულს, სომხურს. მისი მძლავრი გონება ყველაფერს ისრუტავდა: დაწერილს თუ ზეპირად წარმოთქმულს. ძველ და ახალ აღთქმას, სჯულის კანონს, ქადაგებას საგალობელს და ა. შ.
1040 წელს მოძღვრის, გიორგი დაყუდებულის ლოცვა კურთხევით გაემგზავრა ათონს. რათა, ივერთა მონასტერში მოღვაწეობით, ღვთივ ბოძებული ტალანტი ღვთივსულიერთა წიგნთა თარგმნისათვის მოეხმარებინა.
გიორგი თავისი მოძღვრის დავალებაზე იმდენად არ ზრუნავდა, რამდენადაც მონასტრის შეურაცხ სამსახუზე. დადიოდა მუდამ თავდახრილი, მუდამ ახსოვდა, რომელმან აღიმაღლოს თავი, იგი დამდაბლდეს. როდესაც მოძღვარმა გაიგო ყოველივე, საყვედური შეუთვალა და კიდევ ერთხელ შეახსენა მისი ათონზე გაგზავნის მიზეზი. გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს და გადაწყვიტა ბეჯითად შესდგომოდა დავალებულ საქმეს. ამის შესასრულებლად კი წინასწარ, თანახმად მოძღვრისა დიდი მოწიწებით და შიშით იღებს მღვდლობის პატივს.
იგი აირჩიეს დეკანოზად და სპეციალური საღმრთო წიგნების თარგმნას მიჰყო ხელი.
მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ცხოვრების ყველა სფეროში და განსაკუთრებით მთარგმნელობით მოღვაწეობაში. თარგმნიდა დღე და ღამ, ყველგან, სადაც კი უხდებოდა ყოფნა. თავისი დაუღალავი შრომით ყველა გააკვირვა, არა მარტო ქართველნი, არამედ ბერძენნი და ასურნი.
ბერძნები არ ისვენებდნენ და განუწყვეტლივ ავიწროებდნენ ქართველ ღვთისმსახურებს,  აუკრძალეს წირვა, რადგან ერთხელ, ერთ ხუცესს ქალამნებით და მხოლოდ საბეჭურით ეწირა. ამასთან ეჭქვეშ დააყენეს  ქართული ეკლესიის ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური მრწამსი.
ამ დროს ჩვენს ქვეყანას მძიმე პოლიტიკური მეტოქეობა და ბრძოლა ჰქონდა ბიზანტიასთან და ამას ემატებოდა ქვეყნის შიგნით დაპირისპირება. ასეთ ვითარებაში ახალი აურზაურის ატეხა, ისედაც დასუსტებული საქართველოსთვის სახეირო ვერ იქნებოდა.
გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც პატრიარქი თეოდოსი ჯერ არ იცნობდა, ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს:
,,ნეტარო მამაო, ქართველი ხარ, მაგრამ სწავლულობით და მეცნიერებით ბერძენთა სწორი ბრძანდებით. მე ვიცი, როგორ ისმენს შენს სიტყვას თქვენი მეფე, როგორ ისმენს შენს რჩევებს, ამიტომ გთხოვ, მისწერო საქართველოს მეფეს და აუწყო, რომ უმჯობესია ქართული ეკლესია ანტიოქიის ეკლესიას შეუერთდეს. ხოლო თუ თქვენი მეფე არ დაგვემორჩილება, მე მივწერ სხვა პატრიარქებს და უამრავ საზრუნავს გავუჩენ, ვიდრე მორჩილებას თავისი პირით არ მოგვახსენებს. თქვენს მიწაზე არც ერთ მოციქულს ფეხი არ დაუდგამს და თვითონ იმწყემსებით....”.
გიორგი მთაწმინდელის პასუხი მტკიცე იყო:
_ ,,წმიდაო მეუფეო, ვინ არიან შენი უგუნურნი მრჩეველნი, ან რად ინებებ ასე მოიხსენიო ქართველობა, ერი ბრძენი, წრფელი და უმანკო. მე ქართველთა შორის ყველაზე მდაბალი გიპასუხებთ ყველა ქართველის მაგივრად. ოღონდ ჯერ მიბოძე წიგნი ,,მიმოსვლაი ანდრია მოციქულისაი".
შენ გითხრეს მეუფეო, რომ ქართულ მიწაზე არც ერთ მოციქულს ფეხი არ დაუდგამსო, მე კი მოგახსენებთ, რომ საქარტველო მოიარა და ქრისტიანობა იქადაგა ორმა მოციქულმა_ანდრია პირველწოდებულმა და სვიმეონ კანანელმა. სვიმეონ კანანელმა კი თავისი წუთისოფელიც საქართველოში დაასრულა და იქვე დაეფლა ქართულ მიწაში, აფხაზეთში, ქალაქ ნიკოფსიაში. აჰა, იხილე თავად წმიდაო მეუფეო. სახარებაში ხომ იესო ქრისტეს პირველ მოციქულად ანდრია არის დასახელებული, ამიტომ მას პირველწოდებულს უწოდებენ. პეტრეს, თავის ძმასაც მანვე მოუწოდა. რაკი თქვენ სიტყვა დამორჩილებაზე ჩამოაგდეთ, წოდებული ესე იგი პეტრე, მწოდებელს, თავის ძმას ანდრიას უნდა დაემორჩილოს. ესე იგი, თქვენ ჩვენ უნდა დაგვემორჩილოთ. ქართველებს მეუფეო, თქვენ, რომ უმეცარ და მსუბუქ ხალხად მიგიჩნევიათ, მოციქულთა დროიდან ქრისტეს სჯულისთვის არასდროს უღალატიათ. იყო, დრო, როცა მთელ საბერძნეთში მართლმადიდებლობა არ მოიპოვებოდა და თვით ,,იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთაში იკურთხა, ასე სწერია დიდ სვინაქსარში. მაშინ საბერძნეთის საყდრები მწვალებლებს ჰქონდათ.”
საქართველო მარად მადიდებელი უნდა იყოს გიორგი მთაწმინდელისა, რამეთუ მან ქართული ეკლესია ბერძენთა მიმტაცებლობისგან იხსნა.
იმ დღიდან თავად პატრიარქი თეოდოსი ხშირად იწვევდა ამ ,,უცნაურ ქართველს" მნიშვნელოვანი საქმეების განსახილველად.
ბაგრატ მეფეს ბევრი სმენოდა დიდი სულიერების მქონე მოღვაწეზე, ამიტომ დაჟინებით სთხოვდა სამშობლოში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ღირსი მამა ერიდებოდა კაცთაგან დიდებას, ბოლოს მაინც დაჰყვა მეფის თხოვნას და
წამოვიდა გიორგი მთაწმინდელი სამშობლოში რამდენიმე მოწაფის თანხლებით.
გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა. მან დაარღვია ქართული ეკლესიის წოდებრიობა და ადამიანის პირადი ღირსება წინ წამოსწია. იმ დროისთვის ეს დიდი გაბედულება იყო.
დადიოდა  მამა გიორგი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, სამწყსოდან სამწყსოში და ასწავლიდა ყველგან და ყველას-დიდსა და მცირეს, დიდგვაროვანს და გლახაკს, აზნაურსა და უაზნოს, ერსა და ბერს. ასწავლიდა, ზრდიდა, მოძღვრავდა, კურნავდა_რადგან ჰქონდა სულთა კურნების მადლი, და იყო შუამდგომელი ღმერთსა და კაცს შორის.
სინანულად იწვევდა ყველას და დაიწყეს აღსარებად მისვლა ,,მეფემან საქართველოსმან, კათალიკოზმა, მღვდელმა და დიაკონმა, მონაზვნებმა, მდიდრებმა და გლახაკთა.”
მამა გიორგიმ საგანგებო სწავლებანი დაუწერა უფლისწულს და უბრძანა: ესწავლა გულმოდგინებით და გამუდმებით, რადგან მომავალი ხელმწიფე, პატრონი, გამზრდელი და განმსწავლელი ერისა, უპირატესად თავად ყოფილიყო განსწავლული, გაწვრთვნილი და გასპეტაკებული ხელისუფალი.
განანათლა ათონელმა ქვეყანა და ყოველივეცხადი და დაფარული უწესობანი გამოასწორა.
მან შიმშილობის დროს შეკრიბა 80 ბავშვი, ზოგი ქალაქებიდან, ზოგი უდაბურ ადგილებში შეკრიბა, სხვები მონობიდან გამოიყვანა შეასწავლა რაც საჭირო იყო, განანათლა აღზარდა და მღვდლად ნაკურთხნი უფალს შესწირა.
იმ დრისათვის ყმების და მონების მღვდლად კურთხევა დიდად განსაცვიფრებელი გამბედაობა იყო. მთელ ქვეყანას მოეფინა ეს საქმე საკვირველი.
ხასიათის დიდი სიმტკიცე გამოიჩინა მთაწმინდელმა და ქართული ეკლესიის წესწყობილების შესაცვლელად ისეთი თესლი დათესა, რომელმაც მისი შრომის ნაყოფი მომავალ საუკუნეებშიც კი გამოიღო.
მამა გიორგის ჩამობრძანებიდამ მეხუთე წელს, კონსტანტინეპოლიდან ელჩნი ეწვივნენ საქართველოს, ბიზანტიის მაშინდელი კეისარ_იმპერატორი თავისი ძის, უფლისწულ მიქაელისთვის ცოლად და ბიზანტიის დედოფლად მეფის ასულს, მართას ითხოვდა. მომავალ დედოფალს წმინდა მამაც გაჰყვა.  და წავიდა ბრწყინვალე სამეფო ამალა საქართველოდან: მეფის ასული მართა_მარიამი, მომავალი დედოფალი ბიზანტიისა, მამა გიორგი თავისი ოთხმოცი ობოლი ყრმით. კონსტანტინეპოლის სასახლე  ზეიმით შეხვდა საქართველოდან ჩასულებს. კეისარმა სამჯერ მიიწვია გიორგი თავისთან და აღუთქვა ყველა სათხოვარის ასრულება. წმიდა მამამ კი მხოლოდ თავისი 80 ობოლი შეავედრა ჯერ ღმერთს და მერე კეისარს. სთხოვა გაეზარდა და შეეწყალებინა. კეისარმაც დიდი სიხარულით მიიღო ყრმანი და შეუსრულა ეს თხოვნა.
საქართველოში დაბრუნების დროც დადგა. გამოეთხოვნენ კეისარს, ჩამოვიდა სამშობლოში ღირსი მამა მოწაფეებთან ერთად. მასთან ღამის გასათევად გიორგი მცირე (მისი ცხოვრების აღმწერელი) დარჩა. მეორე დღეს ყველაფერი განაწესა და განარიგა გიორგი მთაწმინდელმა, ნაშუადღევს სარეცელზე ჩამოჯდა, ოთხივე მხარეს ოთხი წამკითხველი დაიყენა, ოთხი სახარების წააკითხად. ოთხივე სახარება რომ წაიკითხეს გიორგიმ დამსწრეთ ჯვარი გადასახა და თქვა: ,, დიდება შენდა უფალო!" შემდეგ გასწორდა და ეს სიტყვები წაიძღვარა: ,,ხელთა შენთა უფალო შევვედრებ სულსა ჩემსა!"
1065 წლის 27 ივნისი იყო.
და აღესრულა გიორგი მთაწმინდელი შობიდან 56 წლისა.
ოთხმოცმა ობოლმა მისი ცხედარი ათონის მთაზე გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა.