gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი წრეები სიმღერისა და გალობის გუნდი
სიმღერისა და გალობის გუნდი


ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმიდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.).
წმიდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ეკლესიის წიაღში წინაპართა სულიერი კულტურის მრავალრიცხოვანი მონაპოვარი იქნა დაუნჯებული. ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ძველი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები, რომლებიც მიეკუთვნება ადრებიზანტიური პერიოდის (VI-VII ს.ს.), საბაწმიდური (VIII-IX ს.ს.), ტაო-კლარჯეთის (IX-X ს.ს.), ათონის მთის (XI ს.-დან) და ა.შ. ქართული სამონასტრო სკოლების მოღვაწეობის ხანას.

ქართულ საეკლესიო საგალობლებში, ისევე როგორც ზოგადად მართლმადიდებლურ სასულიერო მუსიკაში, მუსიკალური განვითარების ლოგიკა მკაცრად არის შეთანხმებული პოეტურ ტექსტთან.
კომპოზიციური თვალსაზრისით, ქართული საეკლესიო საგალობლები, ისევე როგორც ბიზანტიური, სირიული, სლავური, სერბული და სხვ. ემყარება რვა ხმის განსაზღვრული რაოდენობის კანონიზებულ მელოდიურ ფორმულებს (მელოდიურ არქეტიპებს). მათი წმიდად დაცვა ხელოვანთმთავართა და მგალობელთა ღირსებად მიიჩნეოდა, ახალი ჰანგის დამკვიდრება კი მისი კანონიზაციის რთულ პროცესს უკავშირდებოდა.
ჩვენამდე მოღწეული დასავლური შტოს საეკლესიო საგალობლების უდიდესი ნაწილი გელათისა და მარტვილის მონასტრების საგალობო სკოლების საუკეთესო ტრადიციებს ასახავს, ხოლო ქართლ-კახური კილოს სასულიერო მუსიკა დავით-გარეჯის, შიო-შღვიმისა და მარტყოფის სამონასტრო კერების სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ცნობილია, რომ იმერულ-გურული კილოს საგალობლების დიდი ნაწილის ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა მოხდა იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის (ქიქოძის) მიერ მოწვეული საუკეთესო, სრული მგალობლებისაგან. მათ ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული მხცოვანი ლოტბარი ანტონ დუმბაძე. იგი გელათის მონასტერში აღიზარდა და იქ დაეუფლა მაღალპროფესიულ საგალობო ხელოვნებას. ანტონ დუმბაძე მოღვაწეობდა, აგრეთვე, ათონის ქართველთა სავანეში მგალობელთა გუნდის ლოტბარად.
ქართლ-კახური კილოს საგალობლების ჩაწერა შესაძლებელი გახდა გორის ეპისკოპოსის, წმიდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევითა და უშუალო თანადგომით მღვდლების, პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილებისაგან.
გალობის ტრადიციების გადარჩენისათვის XIX-XX საუკუნეების არაერთმა მოღვაწემ გასწია დიდი შრომა; მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან: იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, ფილიმონ ქორიძე, დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე, მღვდელ-მონოზონი ნესტორ კონტრიძე, მელქისედეკ ნაკაშიძე და სხვები. მათ მომავალ თაობებს ღვთისა და ერისადმი უანგარო, თავგანწირული მსახურების მაგალითი დაუტოვეს. 

 

ქართული ხალხური სიმღერის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე იწყება და ამდენი საუკუნის მანძილზე, მასზე არავის და არაფრის გავლენას არ უმოქმედია.

და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ქართული ხალხური სიმღერა საზღვრებს გასცდა, მუსიკალური სამყარო მის უნიკალურობაზე აალაპარაკა და მსოფლიო არიარება მოიპოვა; როდესაც ცნობილმა გერმანელმა მუსიკათმცოდნემ, ზიგფრიდ ნადელმა ევროპული მრავალხმიანობის წარმოშობის საფუძვლად ქართული პოლიფონია მიიჩნია; როდესაც იგორ სტრავინსკიმ გურულ სიმღერებს უმაღლესი შეფასება მისცა და ამერიკელებმა კოსმოსური ხომალდით გალაქტიკაში ”ჩაკრულო” გაუშვეს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია გავუფრთხილდეთ საუკუნეებში გამოტარებულ ეროვნულ საგანძურს.

 

ჩვენს გიმნაზიაში, ქართული ხალხური სიმღერსა და გალობის წრეს ქალბატონი ლელა მერაბიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობს. 2003 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა ფოლკლორისა და გალობის სკოლა ,,ფოლკლორის სარდაფი“. ამ სკოლის ანსამბლმა,  ,,მახარობლებმა“ სხვადასხვა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და პრიზებიც დაიმსახურეს.

გიმნაზიის მოსწავლეები დიდი მონდომებით სწავლობენ ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს. ისინი სასწავლებლის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრის, მგალობლები არიან.

 

P1080316 P1080333 DSCN9336 IMGA0066