ახალი სასწავლო წელი სიახლით დაიწყო - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2026 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიას 9 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და უფლებამოსილება,
განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე; სკოლა-გიმნაზიას მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 620-ით. 2026-2027 სასწავლო წლის პირველ დღეს, 14 სექტემბერს, გიმნაზიაში 608 მოსწავლე შეუდგა სწავლას. სკოლა-გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღმასრულებელ დირექტორთან, დეკანოზ ბორისთან და ეპარქიის მამებთან ერთად ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა და დალოცა მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები. პირველი და მეთორმეტე კლასელების მიერ სახელმწიფო და საეკლესიო დროშების აღმართვის შემდეგ მეუფე ანდრიამ პირველკლასელებსა და მათ მასწავლებლებს საგიმნაზიო ცხოვრების დაწყება მიულოცა, მეთორმეტეკლასელებს კი მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებ ესაუბრა.