22 ნოემბერს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „გაბრიელ ეპისკოპოსი - მეცნიერი და მოძღვარი“, რომელიც მიეძღვნა წმ. გაბრიელ ქიქოძის ხსოვნას. მასში მონაწილეობდნენ პედაგოგები და მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლემ, თეოდორე მესტუმრიშვილმა, წარადგინა მოხსენება სათაურით „სულიერ ფასეულობათა მნიშვნელობა პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში“ (ხელმძღვანელი: მარიამ საური). მოსწავლემ ნაშრომში მიმოიხილა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ სხვადასხვა ქადაგებაში დასახელებული მნიშვნელოვანი საკითხები:
ის სულიერი ღირებულებები, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდის ღირსეულ ადამიანად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას;
თანამედროვე ახალგაზრდებში ფასეულობათა დეგრადაცია და მისი მიზეზები;
მოძღვრის როლი მოზარდის ცხოვრებაში;
ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში.
კონფერენცია გახლდათ ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი თემატიკით დატვირთული. ღონისძიების მიწურულს ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებითა და საჩუქრებით.

