საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

 

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

2016 წლის 11 და 12 იანვარს ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მეათედ  ჩატარდა. კვლავ შეიკრიბნენ  გორში საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლების, გორისა და ატენის ეპარქიის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რათა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ  ქრისტეშობის სიხარული.

გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ფესტივალის სტუმრები და მასპინძლები გიმნაზიის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარში დალოცა და საიუბილეო საშობა ფესტივალში მონაწილეობა მიულოცა.

 

2016 წელს ფესტივალში მონაწილეთა შორის იყვნენ:

ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია,

წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,

მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონი,

ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა,

ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,

ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,

თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,

ქალაქ გორის # 11 საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),

ოთარ ჩხეიძის სახელობის ს. ყელქცეულის საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),

ს. მეჯვრისხევის სამრევლო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია),

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია;

 

ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მოსწავლეთა კონფერენცია ღირსი მამა  გიორგი მთაწმინდელის ღვაწლს მიეძღვნა. ფესტივალის მონაწილე სკოლების მოსწავლეები მსმენელთა წინაშე მოხსენებებით წარდგნენ. საკონფერენციო თემები იყო:

  • ათონის ივერთა მონასტერი და გიორგი მთაწმინდელი,
  • გიორგი მთაწმინდელის ლიტერატურული მოღვაწეობა,
  • გიორგი მთაწმინდელი - ქართული ეკლესიის მოღვაწე.

 

ხატვის კონკურსი ფარგლებში კონკურსის მონაწილეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის  პორტრეტი შეასრულეს. ფერმწერმა მარიამ სანადირაძემ ფეტივალის მონაწილე სკოლების წარმომადგენლებთან ერთად  სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოარჩია. გამარჯვებულები  ვალერი რეხვიაშვილი (წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია),  ნუცა სესიაშვილი (თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა) და  საბა მაზმიშვილი (გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის  გიმნაზია) ფესტივალის დახურვის საღამოზე დაჯილდოვდნენ.

თვითშემოქმედებითი გამოსვლები გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა გახსნეს. შემდეგ კი გიმნაზიის სცენა ორი დღის განმავლობაში  ფესტივალის მონაწილე მოსწავლეთა გამოსვლებს დაეთმო. მოსწავლეები მაყურებელთა წინაშე საშობაო წარმოდგენებით, კომპოზიციებით, ჩრდილების თეატრით,  საკონცერტო მუსიკალური და ქორეოგრაფიული გამოსვლებით, მხატვრული კითხვითა  და საგალობლებით წარდგნენ. მოზარდების გამოსვლებს გულგრილი არ დაუტოვებია მაყურებელი. ქრისტეშობის სიხარულს მათთან ერთად მწერალი ვანო ჩხიკვაძე, ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზურაბ ქარელი, გორისა და ატენის ეპარქიის მოძღვრები, ატენის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის დედები და მრავალი საპატიო სტუმარი იზიარებდა.

ფესტივალის მონაწილეთათვის მოეწყო მოლოცვა-ექსკურსია ტანას ხეობაში. მათ მოილოცეს და დაათვალიერეს ატენის სიონი და ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი.  სტუმრებს გიმნაზიის  კურსდამთავრებულები მეგზურობდნენ.

მრავალფეროვანი იყო გიმნაზიის ფოიეში მოწყობილი მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები, გობელენი, თექა, მხატვრულად დამუშავებული ხე, თაბაშირის თოჯინები, სამოსი, ნაქარგები, საეკლესიო ნივთები და მრავალი სხვა საგამოფენო ნიმუში. მოსწავლეთა ნამუშევრებმა მნახველთა დიდ ინტერესი დაიმსახურა.

 

საშობაო ფესტივალის დახურვის საღამოზე სტუმართა წინაშე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები წარდგნენ კომპოზიციით „გოდოლი შეურყეველი“ .

გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მღვდელმა ბორისმა ფესტივალის მონაწილე სკოლებსა და მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, დალოცეს და მომავალ „გენეთლიამდე“ დაემშვიდობნენ.

ძიება