გორის სასულიერო სასწავლებელი

პირველი სასულიერო სასწავლებლები თბილისში, თელავსა და გორში 1817 წელს გაიხსნა. გორის სასულიერო სასწავლებელში მოსწავლეთა მიღება 1817 წლის ოქტომბერში დაიწყო, ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კი საზეიმოდ აღინიშნა 1818 წლის 16 მაისს. მას დაესწრო იმ დროინდელი გორის მაზრის მთელი თავადაზნაურობა და სამღვდელოება. პარაკლისის გადახდის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა სასწავლებლის ზედამხედველმა ნეშუმოვმა. მან, რა თქმა უნდა, ქებით მოიხსენია „საქართველოში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის მზრუნველი“ იმპერატორი ალექსანდრე I.  სასწავლებლის მატერიალური უზრუნველყოფა, მიტროპოლიტ თეოფილაქტეს განკარგულებით, რუისის არქიმანრდიტ ნიკიფორეს დაევალა, ხოლო სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებითა და ინსტრუქციებით იგი თბილისის სასულიერო სემონარიამ მოამარაგა. თავდაპირველად მართლმადიდებლების გარდა, სასწავლებელში კათილიკეები და გრიგორიანელებიც მიიღეს – სულ 48 მოსწავლე, რომელთა ასაკი 6-დან 17 წლამდე იყო. ამგვარი განსხვავება ასაკში, ცხადია, უარყოფით გავლენას მოახდენდა სასწავლო პროცესზე. 1836 წელს გორის სასულიერო სასწავლებელს სამისიონერო ხასიათი მიეცა. იგი უნდა გამოხატულიყო კურსდამთავრებულთა მიერ სხვადასხვა მუსულმანურ რაიონში ქრისტიანობის პროპაგანდაში. შესაბამისად შეიცვალა სასწავლო გეგმები: ძირითად საგნებს – რუსულს და ქართულს ოსური და თათრული ენების სწავლებაც დაემატა. გარდა ამისა, ისწავლებოდა ძველი სლავური გრამატიკა, არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, კატეხიზმო, ბერძნული და ლათინური ენები. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმნას ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად.

მე-19 საუკუნის გორი, ცენტრალური ქუჩა

+Image

გორის სასულიერო სასწავლებელი, მე-19 საუკუნის ბოლო

+Image
სასწავლებელი თანდათან იზრდებოდა. საქმე ისაა, რომ, ზოგადად 1838 წლისთვის მასში 65 მოსწავლე სწავლობდა, 1841 წელს – 67 მოსწავლე, 5 მასწავლებელი და 1 ინსპექტორი,    1865  წელს – 110  მოსწავლე,     1877  წელს – 124  მოსწავლე და 9 მასწავლებელი. 
გორის სასულიერო სასწავლებელი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბითაც, არა მხოლოდ სწავლების საერთო შედეგებით, არამედ შიდასასკოლო ურთიერთობითაც: მაშინ, როცა დასავლეთ საქართველოში ბევრი შემთხვევა ყოფილა მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებისა, გორში ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როცა მასწავლებელს თავის თავზე აუღია საგნის უფასოდ სწავლება. ასე გაუკეთებია 1865 წელს ზედამხედველ პოლიაკოვს, რადგან შტატით გათვლილი ორი მასწავლებლით ვერ ხერხდებოდა მათემატიკის სრული კურსის შემოღება სამ კლასში.  (ე. ი. ამ დროისთვის სასწავლებელში სამი კლასი ყოფილა, მოგვიანებით, აქ უკვე ოთხი კლასი ჩანს. გარდა ამისა, ყოფილა მოსამზადებელი კლასიც: 1876 წელს მასში 47 მოსწავლე მიუღიათ.) 


გორის სასულიერო სასწავლებელი საუკეთესოთა შორისაა დასახელებული 1863 წლის თბილისის სამოქალაქო გუბერნატორ ორლოვსკის ანგარიშში.  საინტერესო ცნობებს გვაწვდის სასწავლო დაწესებულებების ინსპექტორი ნევეროვი, რომელმაც 1865 წელს შეისწავლა ქუთაისის, გორის და ახალციხის სასწავლებლები და ამის თაობაზე სპეციალური მოხსენება წარუდგინა მეფისნაცვალს. მოხსენებაში იგი განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს გორის სასწავლებელს, როგორც „ყოველმხრივ საუკეთესო“-ს. იგი, ასევე აღნიშნავს: „გორის სასწავლებლის მასწავლებელთა შემადგენლობა საუკეთესოა. მოსწავლეთა წარმატებებიც საუკეთესოა თითქმის ყველა საგანში“  განსაკუთრებით გაუხარებია ნევეროვი წარმატებებს რუსული ენის სწავლებაში. „მე ბედნიერად ჩავთვლიდი ჩემს თავს, ამ მხარის სხვა სასწავლებლებიც რომ მსგავს შედეგებს აღწევდნენ“ - აცხადებს იგი. ამ მხრივ, მისი სიხარული სრულიად გასაგებია, რადგან იმ დროისთვის ყველა სასწავლებლის უპირველესი მიზანი იყო ხელისუფლების ერთგული ადამიანების აღზრდა, რისი უმთავრესი გამოხატულებაც არარუსი ახალგაზრდების მიერ რუსული ენის ათვისება იყო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნევერონი შეუწუხებია სასწავლებლის ბიბლიოთეკის სიღარიბეს.  (იგი დაარსდა 1862 წელს და ეს იყო სამაზრო ქალაქებს შორის პირველი ბიბლიოთეკა. სამწუხაროდ, XIX ს-ის 80-იან წლებში იგი ხანძარმა გაანადგურა. გადარჩენილი ფონდი თბილისში, იმდროინდელ ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო განათლების ბიბლიოთელაში გადაიტანეს.) ნევეროვი დიდი მოკრძალებით თხოვს მეფისნაცვალს მცირე თანხას (300 მანეთამდე) „გორის მასწავლებელთა და მოსწავლეთა სასიხარულო წარმატებებისადმი ყურადღების გამოჩენისათვის“, ბიბლიოთეკის შევსების მიზნით.
1867 წელს რუსეთის იმპერიაში შეიცვალა სასულიერო სასწავლებლების სტრუქტურა. ახალი დებულების საფუძველზე გორის სასულიერო სასწავლებელში დაარსდა გამგეობა, რომელშიც შედიოდნენ ზედამხედველი (ხელმძღვანელი) ინსპექტორი, სამღვდელოების ორი და მასწავლებელთა ერთი წარმომადგენელი (სულ 5 წევრი). 
გორის სასულიერო სასწავლებელი თავდაპირველად მოთავსებული იყო მტკვრის ნაპირას, მეფის ქუჩაზე. 1879 წლიდან სასწავლებლის ადმინისტრაციასა და გორის მმართველოვას შორის დაიწყო მიმოწერა მისთვის ახალი შენობის ასაგებად მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. მალე მიწის ნაკვეთი სასწავლებელს უსასყიდლოდ გადასცა თავადმა ერისთავმა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ბაღთან ახლოს. არქიტექტორმა აბესალომოვმა მოამზადა შენობის გეგმა. დამტკიცდა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაც 68270 რუბლისა და 19 კაპიკის ოდებობით. 1886 წლის 11 ნოემბერს სასწავლებლის გამგეობას ნება დაერთო, ეწარმოებინა სამშენებლო სამოშაოები. 1888 წელს სასწავლებელი ახადაშენებულ ორსართულიან შენობაში გადავიდა, 1889 წლის 24 სექტემბერს (7 ოქტომბერს) კი მასში განთავსებული ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა. 
სასწავლებლის საზეიმო გახსნის მასალები გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსში“. მათ შორისაა გორის სობოროს მღვდლის იოილ გამრეკელოვის სიტყვაც, რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს განათლების აუცილებლობას მოზარდი თაობის არა მხოლოდ გონებრივად, ზნეობრივი აღზრდის თვალსაზრისითაც; კერძოდ, იგი აღნიშნავს: „სამღვდელოება გრძნობს და დარწმუნებულია კიდეც, რომ წარმატება კაცისა, როგორც გონებითად, ისე ქონებით შესაძლებელია მხოლოდ სწავლით და განათლებით... ამიტომ ჩვენი სამღვდელოება ცდილობს, რომ მოზარდი თაობა გააპატიოსნოს და გარდაჰქმნას, გარდააკეთოს გონებითად და ზნეობითად.  დღევანდელი დღე ჭეშმარიტად სასიხარულო და სასიამოვნო დღეთ უნდა ჩავთვალოთ  არა  მარტო  ჩვენ სამღვდელოთათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენმა სამღვდელოებამ აღმართა მოზარდ თაობისათვის ეს მკვიდრი შენობა, საითგანაც სწავლა-ცოდნას გამოიტანს მოზარდი თაობა.“
ამ სიტყვის ავტორს მასში გამოკვეთილი სურვილების საფუძველი უკვე ჰქონდა სასწავლებლის განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. აქ უკვე 70-იან წლებში მოღვაწეობდა არაერთი უაღრესად განათლებული და პატრიოტულად განწყობილი ადამიანი. მათ შორის, ხალხოსანი და გაზეთ „დროების“ (გამოდიოდა 1866-1885 წლებში) თანამშრომელი მასწავლებლები სოფრომ მგალობლიშვილი და პავლე ბურჯანაძე. ს.მგალობლიშვილის ინიციატივით სასწავლებელში დაარსდა მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალი „შრომა“. მასში თანამშრომლობით გაიწაფნენ შემდგომში ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი: შიო ჩიტაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი), გოლა ჩიტაძე, სანდრო, ნიკო და ლადო კეცხოველები, სოსო ჯუღაშვილი, იოსებ ლაღიაშვილი, მიშა დავითაშვილი და სხვ. ს. მგალობლიშვილი მოსწავლეებს ასწავლიდა არა მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას, არამედ სამშობლოს სიყვარულსაც. სწორედ ეროვნული საკითხის გამო მოუხდა მას შეჯახება სასწავლებლის ახლადდანიშნულ ინსპექტორ ვინმე ბელიაევთან 1890 წელს, რის შედეგადაც ს. მგალობლიშვილი იძულებული გახდა გორი დაეტოვებინა. იგი დაინიშნა ფოთში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის კანცელარიის მდივნად.
ახალ შენობაში გადასვლის დროისთვის (1889 წ) სასწავლებლის გამგეობაში შედიონენ: საღვთო სჯულის მასწავლებელი დავით ივანეს ძე დათოშვილი (თავმჯდომარე), წმინდანთა ისტორიის მასწავლებელი გიორგი საძაგლიშვილი (წმ. კირიონ II), ზემოთ ნახსენები მათემატიკის მასწავლებელი პავლე გიორგის ძე ბურჯანაძე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალ. დანიელის ძე იტალინსკი და სხვ.
1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში სასწავლებლის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ პოლიტიკურ საქმიანობაში. მათ ადმინისტრაციას წარუდგინეს მოთხოვნები. მათ შორის საინტერესოა მოთხოვნები ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით,  კერძოდ,      1. აიკრძალოს მოსწავლეთა დევნა მშობლიურ ენაზე ლაპარაკისათვის. 2. გადიდდეს ქართული ენის გაკვეთილების რაოდენობა ბერძნული ენის გაკვეთილების ხარჯზე და სხვ.
სამწუხაროდ, რევოლუციის ზეგავლენით, გორის მაზრის მოსახლეობამ სასულიერო სასწავლებლის გაუქმება მოითხოვა. მას მხარი დაუჭირა სასულიერო წოდების დაბალმა ფენამაც.  თუმცა  ზემდგომმა  ინსტანციებმა  ამ  მოთხოვნას  მხარი  არ  გაუჭირეს  და სასწავლებელმა არსებობა გააგრძელა. 1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციას მოჰყვა მონარქიის დამხობა. ხელისუფლების სათავეში მოსულმა დროებითმა მთავრობამ მიიღო დადგენილება ყველა სასწავლებლის სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ და გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მეფის ხელისუფლება თავის მიერ შექმნილ სკოლებში რუსულ ენაზე მოლაპარაკე და მოაზროვნე მისი ერთგული ადამიანების აღზრდას ისახავდა მიზნად. მაგრამ მოყვანილი მაგალითებითაც ვრწმუნდებით, რომ მან ამ მიზანს ვერ მიაღწია. ჯერ მხოლოდ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა და აქ აღიზარდა მთელი პლეადა გამოჩენილი საზოგადო და საეკლესიო პირებისა. ასეთები იყვნენ: წმ. კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელიც აქვე მუშაობდა ინსპექტორის თანაშემწედ გარკვეული დროის მანძილზე, პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე), პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე), წმ. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), იაკობ გოგებაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ია კარგარეთელი, ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე (სასწავლებელში ჯერ კიდევ 1879 წელს სიმონ კასრაძემ ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი, რომელმაც მთელ გორის მაზრაში გაითქვა სახელი. შემდგომში გუნდს სათავეში ჩაუდგა ს. გოგლიჩიძე. სწორედ ამ გუნდში მღეროდა ს. კავსაძე. ბოლო კლასებში იგი გუნდის ლოტბარი იყო) და სხვები.

 

ნუცა ლომსაძე

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის IX  კლასი.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

XXI საუკუნის დასაწყისში, გორში, ისტორიულ სამეფო ქუჩაზე განთავსებული გორის სასულიერო სასწავლებლის ყოფილი შენობა ეკლესიას დაუბრუნდა. გაჩნდა იდეა, მას დაბრუნებოდა თავდაპირველი დანიშნულება – საგანმანათლებლო ფუნქცია. სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) კურთხევით, 2005 წელს მომზადდა შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ხორცშესხმა შესაძლებელი გახდა კერძო შეწირულობით. 
2006 წელს განახლებულ შენობაში დაფუძნდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 30 ოქტომბერს, სასწავლებელსი დაირეკა პირველი ზარი, 31 ოქტომბერს კი გიმნაზიის ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა. ახლადკურთხეულ ტაძარში სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ დეკანოზ იოანესთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პირველი წირვა აღავლინა. იმავე წელს, 16 ნოემბერს გიმნაზიას ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და დალოცა გიმნაზია, მისი აღმშენებლები, მოსწავლეები, მასწავლებლები  და მრევლი.
2006 წელს გიმნაზიაში 83 მოსწავლემ დაიწყო სწავლა დაწყებითი საფეხურის პირველ 5 კლასში. გიმნაზიის დირექტორის, სამთავისისა და გორის ეპისკოპოს ანდრიას კურთხევით გიმნაზიის მოძღვრად დაინიშნა დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი), მოსწავლეთა სწავლების პროცესში 23 მასწავლებელი, ადმინისტრაციის 4 წარმომადგენელი და 10 თანამშრომელი ჩაერთო. 2007 წელს გიმნაზიამ მიიღო საბაზო და საშუალო საფეხურზე საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.
2010 წლიდან გიმნაზიამ სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა – დაფუძნდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ამავე წლის ივლისში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასცა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია. 
2010-11 სასწავლო წელს საკლასო მერხს პირველი-მეცხრე კლასის 271 მოსწავლე მიუჯდა.

2015 წელს ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ ახალ სასწავლო წელს 470-მდე მოსწავლე მიუჯდა მერხს, რომელთა განათლებასა და აღზრდას გიმნაზიის 85 თანამშრომელი ემსახურება.

აღსაზრდელები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად სწავლობენ: ძველ ქართულ ენას, საღვთო სჯულს, ქრისტიანული კულტურის ისტორიას, ქართულ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს, ქართულ ცეკვებს; შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ხელგარჯილობას, ხეზე კვეთას, თექის დამუშავებასაა და ფერწერას; ამავე დროს, შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და მათი გამოყენების მეთოდები.

2012 წელს გიმნაზიამ პირველ კურსდამთავრებულებს დაულოცა გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. პირველი გამოშვების 19 გიმნაზიელი ღირსეულად აგრძელებს განათლებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში.

გიმნაზია კვლავ ვითარდება - აშენდა გიმნაზიის ახალი სასწავლო კორპუსი, 2015 წელს მწყობრში შევიდა სპორტული დარბაზი. ყოველი სიახლე კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უქმნის გიმნაზიის მოსწავლეებს...

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი

1889 წლის 24 სექტემბერს (7 ოქტომბერი) გორის სასულიერო სასწავლებლის შენობის მეორე სართულზე განთავსებული ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა. იმ დროისთვის ამ წმინდანის სახელობის  ერთადერთ ტაძარი იყო საქართველოში. ჩვენამდე მოღწეულია გაზეთ „მწყემსის“ 1890 წლის №2-სი დაბეჭდილი „სიტყვა თქმული გორის სობოროს მღვდლის იოილ გამრეკელოვისაგან გორის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიის კურთხევაზედ, 24-ს სექტემბერს 1889წ.“. სხვა ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. 1920 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა სასწავლებლის შენობის მეორე სართული და მასთან ერთად ეკლესია.  
მხოლოდ 2006 წლის 31 ოქტომბერს აღდგა და სამთავისისა და გორის ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) მიერ ხელახლა იკურთხა გიმნაზიის ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე. მღვდელმთავარმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პირველი წირვა აღასრულა და დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი) ტაძრის მოძღვრად დაადგინა. 
საეკლესიო მსახურება ტაძარში შაბათ-კვირას და საუფლო დღესასწაულებზე აღესრულება. ტაძარში დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი) და მღვდელი იოანე (ბონდარენკო) მსახურობენ. მგალობელთა გუნდს გიმნაზიის მოსწავლეები შეადგენენ, ასევე გიმნაზიელები არიან ტაძრის სტიქროსნები. ყოველდღიურად, მეცადინეობების დაწყებამდე მოსწავლეთათვის ტარდება დილის ლოცვა, ორშაბათობით, დიდ დასვენებაზე აღესრულება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის პარაკლისი. 
ტაძრის დღესასწაული 10 ივლისს აღინიშნება - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელისა და მღვდელმოწამე კირიონ მეორის ხსენების დღე.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.

1009 წელს დაიბადა გიორგი ,,ტარიგი ღმრთისაი"
შვიდი წლისა ჩააბარეს აღსაზრდელად  ტაძრისის მონასტერში, სადაც  მისი უფროსი და თეკლა, დედა საბიანას წმინდა ხელმძღვანელობის ქვეშ მოღვაწეობდა. გიორგიც აქვე დავტოვეს, ვიდრე დრო მოვიდა, მისგან დედათა მონასტრის დატოვებისა.
ტაძრისში ყოფნისას რამდენჯერმე მოინდომა ბოროტმა სულმა მისი დაღუპვა, მაგრამ ყოველთვის ნათლით მოსილი ანგელოზი იცავდა ყრმა გიორგის, მდინარეში დახრჩობისგანაც და ცეცხლში დაწვისგანაც.
ცხადია ყმაწვილი დიდი ხნით დედათა მონასტერში ვერ დარჩებოდა და ათი წლისა გაგზავნეს ხახულის მამათა მონასტრში სადაც მამის ძმები, გიორგი მწერალი და საბა ხახულელი მოღვაწეობდნენ. 
იმ დროს ხახულის მონასტერში, ღირსი მაკარი მმარხველი, ღირსი ბასილი, ანტონი მნათე_ ღმერთშემოსილი და სხვა წმიდა მამები მოღვაწეობდნენ. უხუცეს სამღვდელოთა საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი, შვილად აყვანილი ყმაწვილი, ილარიონ თუალელისთვის მიებარებინათ.
ღირსმა ილარიონმა აღზარდა ,,ვითარცა ღვთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი" ამ წმიდა მამების ცხოვრებამ და მაგალითმა წარუშლელი კვალი დააჩნია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებას.
ყრმა გიორგი საკვირველი სისწრაფით სწავლობდა ენებს: ბერძნულს არაბულს, სომხურს. მისი მძლავრი გონება ყველაფერს ისრუტავდა: დაწერილს თუ ზეპირად წარმოთქმულს. ძველ და ახალ აღთქმას, სჯულის კანონს, ქადაგებას საგალობელს და ა. შ.
1040 წელს მოძღვრის, გიორგი დაყუდებულის ლოცვა კურთხევით გაემგზავრა ათონს. რათა, ივერთა მონასტერში მოღვაწეობით, ღვთივ ბოძებული ტალანტი ღვთივსულიერთა წიგნთა თარგმნისათვის მოეხმარებინა.
გიორგი თავისი მოძღვრის დავალებაზე იმდენად არ ზრუნავდა, რამდენადაც მონასტრის შეურაცხ სამსახუზე. დადიოდა მუდამ თავდახრილი, მუდამ ახსოვდა, რომელმან აღიმაღლოს თავი, იგი დამდაბლდეს. როდესაც მოძღვარმა გაიგო ყოველივე, საყვედური შეუთვალა და კიდევ ერთხელ შეახსენა მისი ათონზე გაგზავნის მიზეზი. გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს და გადაწყვიტა ბეჯითად შესდგომოდა დავალებულ საქმეს. ამის შესასრულებლად კი წინასწარ, თანახმად მოძღვრისა დიდი მოწიწებით და შიშით იღებს მღვდლობის პატივს.
იგი აირჩიეს დეკანოზად და სპეციალური საღმრთო წიგნების თარგმნას მიჰყო ხელი.
მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ცხოვრების ყველა სფეროში და განსაკუთრებით მთარგმნელობით მოღვაწეობაში. თარგმნიდა დღე და ღამ, ყველგან, სადაც კი უხდებოდა ყოფნა. თავისი დაუღალავი შრომით ყველა გააკვირვა, არა მარტო ქართველნი, არამედ ბერძენნი და ასურნი. 
ბერძნები არ ისვენებდნენ და განუწყვეტლივ ავიწროებდნენ ქართველ ღვთისმსახურებს,  აუკრძალეს წირვა, რადგან ერთხელ, ერთ ხუცესს ქალამნებით და მხოლოდ საბეჭურით ეწირა. ამასთან ეჭქვეშ დააყენეს  ქართული ეკლესიის ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური მრწამსი.
ამ დროს ჩვენს ქვეყანას მძიმე პოლიტიკური მეტოქეობა და ბრძოლა ჰქონდა ბიზანტიასთან და ამას ემატებოდა ქვეყნის შიგნით დაპირისპირება. ასეთ ვითარებაში ახალი აურზაურის ატეხა, ისედაც დასუსტებული საქართველოსთვის სახეირო ვერ იქნებოდა. 
გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც პატრიარქი თეოდოსი ჯერ არ იცნობდა, ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს:
,,ნეტარო მამაო, ქართველი ხარ, მაგრამ სწავლულობით და მეცნიერებით ბერძენთა სწორი ბრძანდებით. მე ვიცი, როგორ ისმენს შენს სიტყვას თქვენი მეფე, როგორ ისმენს შენს რჩევებს, ამიტომ გთხოვ, მისწერო საქართველოს მეფეს და აუწყო, რომ უმჯობესია ქართული ეკლესია ანტიოქიის ეკლესიას შეუერთდეს. ხოლო თუ თქვენი მეფე არ დაგვემორჩილება, მე მივწერ სხვა პატრიარქებს და უამრავ საზრუნავს გავუჩენ, ვიდრე მორჩილებას თავისი პირით არ მოგვახსენებს. თქვენს მიწაზე არც ერთ მოციქულს ფეხი არ დაუდგამს და თვითონ იმწყემსებით....”.
გიორგი მთაწმინდელის პასუხი მტკიცე იყო:
_ ,,წმიდაო მეუფეო, ვინ არიან შენი უგუნურნი მრჩეველნი, ან რად ინებებ ასე მოიხსენიო ქართველობა, ერი ბრძენი, წრფელი და უმანკო. მე ქართველთა შორის ყველაზე მდაბალი გიპასუხებთ ყველა ქართველის მაგივრად. ოღონდ ჯერ მიბოძე წიგნი ,,მიმოსვლაი ანდრია მოციქულისაი".
შენ გითხრეს მეუფეო, რომ ქართულ მიწაზე არც ერთ მოციქულს ფეხი არ დაუდგამსო, მე კი მოგახსენებთ, რომ საქარტველო მოიარა და ქრისტიანობა იქადაგა ორმა მოციქულმა_ანდრია პირველწოდებულმა და სვიმეონ კანანელმა. სვიმეონ კანანელმა კი თავისი წუთისოფელიც საქართველოში დაასრულა და იქვე დაეფლა ქართულ მიწაში, აფხაზეთში, ქალაქ ნიკოფსიაში. აჰა, იხილე თავად წმიდაო მეუფეო. სახარებაში ხომ იესო ქრისტეს პირველ მოციქულად ანდრია არის დასახელებული, ამიტომ მას პირველწოდებულს უწოდებენ. პეტრეს, თავის ძმასაც მანვე მოუწოდა. რაკი თქვენ სიტყვა დამორჩილებაზე ჩამოაგდეთ, წოდებული ესე იგი პეტრე, მწოდებელს, თავის ძმას ანდრიას უნდა დაემორჩილოს. ესე იგი, თქვენ ჩვენ უნდა დაგვემორჩილოთ. ქართველებს მეუფეო, თქვენ, რომ უმეცარ და მსუბუქ ხალხად მიგიჩნევიათ, მოციქულთა დროიდან ქრისტეს სჯულისთვის არასდროს უღალატიათ. იყო, დრო, როცა მთელ საბერძნეთში მართლმადიდებლობა არ მოიპოვებოდა და თვით ,,იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთაში იკურთხა, ასე სწერია დიდ სვინაქსარში. მაშინ საბერძნეთის საყდრები მწვალებლებს ჰქონდათ.”
საქართველო მარად მადიდებელი უნდა იყოს გიორგი მთაწმინდელისა, რამეთუ მან ქართული ეკლესია ბერძენთა მიმტაცებლობისგან იხსნა.
იმ დღიდან თავად პატრიარქი თეოდოსი ხშირად იწვევდა ამ ,,უცნაურ ქართველს" მნიშვნელოვანი საქმეების განსახილველად. 
ბაგრატ მეფეს ბევრი სმენოდა დიდი სულიერების მქონე მოღვაწეზე, ამიტომ დაჟინებით სთხოვდა სამშობლოში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ღირსი მამა ერიდებოდა კაცთაგან დიდებას, ბოლოს მაინც დაჰყვა მეფის თხოვნას და
წამოვიდა გიორგი მთაწმინდელი სამშობლოში რამდენიმე მოწაფის თანხლებით.
გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა. მან დაარღვია ქართული ეკლესიის წოდებრიობა და ადამიანის პირადი ღირსება წინ წამოსწია. იმ დროისთვის ეს დიდი გაბედულება იყო.
დადიოდა  მამა გიორგი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, სამწყსოდან სამწყსოში და ასწავლიდა ყველგან და ყველას-დიდსა და მცირეს, დიდგვაროვანს და გლახაკს, აზნაურსა და უაზნოს, ერსა და ბერს. ასწავლიდა, ზრდიდა, მოძღვრავდა, კურნავდა_რადგან ჰქონდა სულთა კურნების მადლი, და იყო შუამდგომელი ღმერთსა და კაცს შორის.
სინანულად იწვევდა ყველას და დაიწყეს აღსარებად მისვლა ,,მეფემან საქართველოსმან, კათალიკოზმა, მღვდელმა და დიაკონმა, მონაზვნებმა, მდიდრებმა და გლახაკთა.”
მამა გიორგიმ საგანგებო სწავლებანი დაუწერა უფლისწულს და უბრძანა: ესწავლა გულმოდგინებით და გამუდმებით, რადგან მომავალი ხელმწიფე, პატრონი, გამზრდელი და განმსწავლელი ერისა, უპირატესად თავად ყოფილიყო განსწავლული, გაწვრთვნილი და გასპეტაკებული ხელისუფალი. 
განანათლა ათონელმა ქვეყანა და ყოველივეცხადი და დაფარული უწესობანი გამოასწორა.
მან შიმშილობის დროს შეკრიბა 80 ბავშვი, ზოგი ქალაქებიდან, ზოგი უდაბურ ადგილებში შეკრიბა, სხვები მონობიდან გამოიყვანა შეასწავლა რაც საჭირო იყო, განანათლა აღზარდა და მღვდლად ნაკურთხნი უფალს შესწირა. 
იმ დრისათვის ყმების და მონების მღვდლად კურთხევა დიდად განსაცვიფრებელი გამბედაობა იყო. მთელ ქვეყანას მოეფინა ეს საქმე საკვირველი.
ხასიათის დიდი სიმტკიცე გამოიჩინა მთაწმინდელმა და ქართული ეკლესიის წესწყობილების შესაცვლელად ისეთი თესლი დათესა, რომელმაც მისი შრომის ნაყოფი მომავალ საუკუნეებშიც კი გამოიღო.
მამა გიორგის ჩამობრძანებიდამ მეხუთე წელს, კონსტანტინეპოლიდან ელჩნი ეწვივნენ საქართველოს, ბიზანტიის მაშინდელი კეისარ_იმპერატორი თავისი ძის, უფლისწულ მიქაელისთვის ცოლად და ბიზანტიის დედოფლად მეფის ასულს, მართას ითხოვდა. მომავალ დედოფალს წმინდა მამაც გაჰყვა.  და წავიდა ბრწყინვალე სამეფო ამალა საქართველოდან: მეფის ასული მართა_მარიამი, მომავალი დედოფალი ბიზანტიისა, მამა გიორგი თავისი ოთხმოცი ობოლი ყრმით. კონსტანტინეპოლის სასახლე  ზეიმით შეხვდა საქართველოდან ჩასულებს. კეისარმა სამჯერ მიიწვია გიორგი თავისთან და აღუთქვა ყველა სათხოვარის ასრულება. წმიდა მამამ კი მხოლოდ თავისი 80 ობოლი შეავედრა ჯერ ღმერთს და მერე კეისარს. სთხოვა გაეზარდა და შეეწყალებინა. კეისარმაც დიდი სიხარულით მიიღო ყრმანი და შეუსრულა ეს თხოვნა.
საქართველოში დაბრუნების დროც დადგა. გამოეთხოვნენ კეისარს, ჩამოვიდა სამშობლოში ღირსი მამა მოწაფეებთან ერთად. მასთან ღამის გასათევად გიორგი მცირე (მისი ცხოვრების აღმწერელი) დარჩა. მეორე დღეს ყველაფერი განაწესა და განარიგა გიორგი მთაწმინდელმა, ნაშუადღევს სარეცელზე ჩამოჯდა, ოთხივე მხარეს ოთხი წამკითხველი დაიყენა, ოთხი სახარების წააკითხად. ოთხივე სახარება რომ წაიკითხეს გიორგიმ დამსწრეთ ჯვარი გადასახა და თქვა: ,, დიდება შენდა უფალო!" შემდეგ გასწორდა და ეს სიტყვები წაიძღვარა: ,,ხელთა შენთა უფალო შევვედრებ სულსა ჩემსა!"
1065 წლის 27 ივნისი იყო.
და აღესრულა გიორგი მთაწმინდელი შობიდან 56 წლისა.
ოთხმოცმა ობოლმა მისი ცხედარი ათონის მთაზე გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა.

ძიება