ლიტერატურულ_თეატრალური წრე, მეუფე ანდრიას ლოცვა_კურთხევით, გიმნაზიის დაარსებიდან ფუნქციონირებს,. წრეს ხელმძღვანელობს მარინა გოგიაშვილი. ბავშვები სიხარულით ვესწრებით მეცადინეობებს, პედაგოგთან ერთად ვგეგმავთ მომავალ ღონისძიებებს, ერთად ვმსჯელობთ, ხშირად ვცვლით სცენარს და მოქმედ პირებს. მუშაობა სახალისოა, თუმცა ვიღლებით კიდეც. ძალიან მოგვწონს ზღაპრული პერსონაჟების განსახიერება. თავად ვქმნით დეკორაციებს და სასცენო კოსტუმებს. აქტიურად გვეხმარებიან მშობლებიც, მათი თანადგომის გარეშე, ვფიქრობ არასფერი გამოგვივიდოდა. გიმნაზია თანდათან იძენს სასცენო რეკვიზიტს და ჩვენც ვცდილობთ წარმატებული იყოს ჩვენი გამოსვლები. ყველაზე მეტად მაინც საშობაო და სააღდგომო წარმოდგენებზე მოგვწონს მუშაობა. ამ დღესასწაულებისთვის ჩვენი წრე საგანგებოდ ემზადება და რა თქმა უნდა ჩვენი განწყობაც შესაბამისია. ასევე, გიმნაზიის გახსნის დღეს, 31 ოქტომბერსაც სიხარულით ველით და ყოველ წელიწადს სხვადასხვა წარმოდგენას ვუძღვნით, ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვან თარიღს. წელს წარმოვადგინეთ ,,ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება”. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დიდი მოღვაწე, რომლის სახელსაც ჩვენი გიმნაზია ატარებს და რომლის დამსახურება ერის წინაშე შეუფასებელია.
საშობაო ფესტივალ ,,გენეთლიაზე” წარმოვადგინეთ ორი დადგმა: ,,ცხრა ნიჭნი სულისა წმიდისანი” და ,,ფიფქია და შვიდი ფერი”.
ფუნქციონირებს პატარების ჯგუფიც. მათ გიმნაზიის მოსწავლეებს და მშობლებს თავისი ,,საშობაო ზღაპარი” უჩვენეს. ქართული ენის დღეს კი, იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა” მიუძღვნეს.
სააღდგომოდ მიწვეულნი ვართ ფესტივალზე ზუგდიდში, ვმუშაობთ სააღდგომო სპექტაკლზე. პარალელურად მომდინარეობს არჩილ სულაკაურის ,,სალამურას თავგადასავლის” გასცენიურება, რომელსაც სასწავლო წლის ბოლოს წარმოვადგენთ. ბავშვებმა კიდევ ერთი ჯგუფი შექმნეს, რომელიც კომედიური ჟანრის, მუსიკალური სპექტაკლის დადგმას გეგმავს.
გვაქვს ოთახი, შენობის ბოლო სართულზე, რომელსაც ,,სხვენი” დავარქვით. აქ ინახება ყველა სპექტაკლის რეკვიზიტი, საცეკვაო ფორმები, ვაწყობთ გამოფენებს, აქვე ვემზადებით ინტელექტუალური კონკურსებისთვის.
მთავარია, რომ ყოველთვის ვგრძნობთ თანადგომას გიმნაზიის ყველა თანამშრომლისაგან, გვიხარია, რომ ისინი, ბავშვებთან ერთად ელიან ჩვენს წარმოდგენებს, გვეხმარებიან დეკორაციების შექმნაში, საჭირო კოსტუმების შერჩევაში, თანაგვიგრძნობენ და განიცდიან ჩვენთან ერთად.
მადლობას ვუხდით გიმნაზიას, რომ მოგვცა საშუალება საყვარელი საქმე ვაკეთოთ.
ქრისტინე ბეგაშვილი
თეკლა გელდიაშვილი
საბა ლომსაძე
წმ. ნიკოლოზის სახელობის III კლასი.