2010 წლიდან ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული
ფილოლოგიის სტუდენტებსა და პროფესორ ქალბატონ ელენე ხოჯევანიშვილთან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში წლების მანძილზე წარმატებულად მიმდინარეობდა პროექტი ,,ვიმეგობროთ წიგნთან“. ჩვენდა სასიხარულოდ, ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება.
2 ნოემბერს გიმნაზიას კვლავ ესტუმრნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები: ქალბატონი ელენე ხოჯევანიშვილი და ბატონი გიორგი გოგოლაშვილი. გიმნაზიის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების დამფუძნებლის, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის, საჯარო ლექცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი გულისყურით ისმენდნენ სახელოვანი წინაპრის, გიმნაზიის კედლებში აღზრდილი ღირსეული მამულიშვილის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდებს. მოსწავლეთა გულები განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აღავსო იმ ფაქტმა, რომ ღვაწლმოსილი მწერალი სწორეთ მათი მშობლიური გიმნაზიის კედლებში სწავლობდა და ასევე იმანაც, რომ ავტორს ყველა ქართველისათვის სანუკვარი წიგნი ,,დედაენა“ სწორედ აქ, გორში, შეუდგენია.
საჯარო ლექცია გორის სასულიერო სასწავლებლის 200 წლისთავისა და გიმნაზიის განახლება-აღდგენის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო წლის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ სიყვარულით აღნიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 176-ე წლის იუბილე. ვფიქრობთ, ამგვარი შეხვედრა-ლექციები სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას.