2019 წლის 10-13 დეკემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის სიმღერისა და გალობის გუნდი და მოცეკვავეთა ანსამბლი (ხელმძღვანელები ლელა მერაბიშვილი და თენგიზ დვალიშვილი)
ქართულ-სერბული ურთიერთობის პროგრამის ფარგლებში სერბული მხარის მიწვევით ბელგრადსა და ნიშში იმყოფებოდნენ. მოგზაურობა-მოლოცვას გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი) ხელმძღვანელობდა. ვიზიტის მიზანი იყო ქართული კულტურის გაცნობა და მეგობრული კავშირების განმტკიცება სერბ თანატოლებთან. გთავაზობთ მოგზაურობის მოკლე დღიურს. 10 დეკემბერი - დილის 7 საათზე ჩავფრინდით უნგრეთში, ბუდაპეშტში, სადაც ჩვენი მასპინძელი, ბელგრადის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი იოანე ბაბიჩი დაგვხვდა. ბელგრადამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ. 13:00 ჩავედით ბელგრადში, ვისადილეთ. შემდეგ მოვილოცეთ წმიდა საბას სახელობის საკათედრო ტაძარი, მონასტერი „პაკროვიცა“ , აქ, სერბეთის პატრიარქ პავლეს საფლავზე, მამა ბორისმა და მამა ლუკამ სერბ ღვთისმსახურებთან ერთად პანაშვიდი გადაიხადეს. ვახშამის შემდეგ დაგვაბინავეს სასტუმროში. 11 დეკემბერი - საუზმის შემდეგ ფეხით გავუყევით ბელგრადის ისტორიულ ქუჩებს კალემეგდანის ციხემდე. ეს არის ულამაზესი ისტორიული ადგილი მდინარეების დუნაისა და სავას შესართავთან, ვრცელი ტერასებით, პარკებით, ტაძრებით, ზოოპარკით, მუზეუმებით, ლამაზი ხედებით... სადილად გვიმასპინძლა წმიდა გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძრის მრევლმა, რის შემდეგაც შევუდექით საკონცერტო მზადებას. კონცერტამდე გავმართეთ კოსტუმირებული მსვლელობა ბელგრადის ყველაზე პოპულარულ ქუჩაზე, რომელიც ფეხითმოსიარულეთათვის არის განკუთვნილია და გამოირჩევა ტურისტთა სიმრავლით. წინასაშობაოდ მორთულ ქუჩაზე გავმართეთ სახელდახელო კონცერტი, სადაც შევასრულეთ საშობაო საგალობლები, ქართული და სერბული სიმღერები. კონცერტი „ანგელოზების მუსიკა“ გაიმართა ბელგრადის ერთ-ერთ მთავარ საკონცერტო დარბაზში. სცენაზე დაგვხვდა საგანგებოდ გამოფენილი საქართველოსა და სერბეთის დროშები. კონცერტს ესწრებოდნენ ქორეპისკოპოსი ანტონი, საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ოჯახით, ბელგრადის მთავრობის და ინტელიგენციის წარმომადგენლები. კონცერტი გახნა ბელგრადის ბავშვთა გუნდმა, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა. კონცეტრში ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი. კონცერტის მეორე, ქართული ნაწილი, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის გოგონათა გუნდმა გახსნა და დასრულდა ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეთა გამოსვლით. საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანი გვქონდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ჟანრის და ხასიათის სიმღერები საცეკვაო ელემენტებით. კონცერტის ბოლოს შევასრულეთ სერბებისათვის უსაყვარლისი პატრიოტული სიმღერა „ტამო დალეკო“. საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა. 12 დეკემბერი - დილით გავემგზავრეთ ნალაქ ნიშში. დავათვალიერეთ არმიის მუზეუმი, მუზეუმის მემორიალურ ოთახში არის სალოცავი ადგილი, სადაც ჩვენმა მამებმა გადაიხადეს პანაშვიდი ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელზე. ვესტუმრეთ სამუსიკო სკოლას, გავიცანით სკოლის მოსწავლეები და ერთობლივად გავმართეთ იმპროვიზირებული კონცერტი. საღამოს დავესწარით ლოცვას და ვიგალობეთ ნიშის საკათედრო ტაძარში. ლოცვის შემდეგ ტაძრის ტერიტორიაზე, საკონცერტო დარბაზში, გაიმართა კონცერტი ახალგაზრდული ორკესტრისა და ჩვენი (ზუგდიდისა და გორის) გუნდების მონაწილეობით. ამ კონცერტს ესწრებოდა ნიშის ეპისკოპოსი არსენი და სამღვდელოება, ქალაქის მუსიკალური საზოგადოება. კონცერტის შემდეგ გავემგზავრეთ ვაჟთა სასულიერო სემინარიაში, სადაც გაიმართა ჩვენი სტუმრობის აღსანიშნავი საზეიმო ტრაპეზი. 13 დეკემბერი - დილით დავესწარით და მონაწილეობა მივიღეთ ლიტურგიაში ბელგრადის წმიდა გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძარში. ლიტურგიის შემდეგ, ტაძრის უკვე დამეგობრებულმა მრევლმა გამართა გამოსამშვიდობებელი ტრაპეზი. შუადღის შემდეგ დავემშვიდობეთ მასპინძლებს, გავემგზავრეთ სერბეთიდან და ღამის ბუდაპეშტის გავლით აეროპორტში მივედით, საიდანაც საქართველოსკენ გამოვეშურეთ.