30 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორი გიმნაზიისათვის. სწორედ, 2006 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა გიმნაზიას სწავლების უფლება და განახლებულ ისტორიულ სასწავლებელში დაიწყო სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობა.
მას აქეთ 16 წელი გავიდა. თექვსმეტი პასუხისმგებლობით, სიხარულითა და წარმატებით სავსე წელი.
ყოველი წლის 30 ოქტომბერს გიმნაზია ტრადიციულად ზეიმობს დაბადების დღეს. თითოეული გიმნაზიელი მოუთმენლად ელის სასწავლებლის განახლების დღის დადგომას. გიმნაზიის ტაძარში გაიმართა საზეიმო მსახურება. იქვე, დეკანოზმა ბორისმა დააჯილდოვა 2021-2022 სასწავლო წელს წარჩინებული სწავლისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის ღირსი გიორგი ათონელის, წმიდა მღვდელმოწამე თეოდორე კველთელისა და წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-9 კლასების მოსწავლეები. გიმნაზიის ფოიეში მოსწავლეთა ხელნაკეთი და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
საზეიმო განწყობა გაგრძელდა და 20 ნოემბერს გიმნაზიის სააქტო დარბაზში გადაინაცვლა. სტუმრებმა ისიამოვნეს გიმნაზიელთა მიერ შესრულებული სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით. გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად სცენაზე კურსდამთავრებულებიც იდგნენ.
მოსწავლე-მასწავლებელთა დაჯილდოება დარბაზში გაგრძელდა. წმიდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სახელობის მე-5 კლასის მოსწავლე დავით აბულაძეს გადაეცა სიგელი, როგორც 2021-2022 სასწავლო წელს გიმნაზიის ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველს.
დაჯილდოვდნენ ის მასწავლებლები და თანამშრომლები, რომელთაც 2022 წელს მრგვალი თარიღი შეუსრულდათ.
ტრადიციისამებრ, დაჯილდოვდნენ სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობაში გამორჩეული მასწავლებლები: 2021-2022 სასწავლო წელს, კლასის საუკეთესო ხელმძღვანელობისათვის ქალბატონი მარიამ ჩუხრუკიძე და 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა დაწყებითი კლასების საღვთო სჯულის მასწავლებელს, მღვდელ ბასილ ფოსურს.
გიმნაზია დიდი სიყვარულითა და სითბოთი დაემშვიდობა, ამჟამად უკვე ყოფილ, ყველასათვის საყვარელ და პატივსაცემ მასწავლებლებს, ქალბატონ მაია მელიქიშვილსა და ქალბატონ ციური ხორგუაშვილს. საზეიმო შეხვედრის ბოლოს გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ შეხვედრის მონაწილეებს მიულოცა სასწავლებლის დაბადების დღე და დალოცა ყველა გიმნაზიელი და სტუმარი.