ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

XXI საუკუნის დასაწყისში, გორში, ისტორიულ სამეფო ქუჩაზე განთავსებული გორის სასულიერო სასწავლებლის ყოფილი შენობა ეკლესიას დაუბრუნდა. გაჩნდა იდეა, მას დაბრუნებოდა თავდაპირველი დანიშნულება – საგანმანათლებლო ფუნქცია. სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) კურთხევით, 2005 წელს მომზადდა შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ხორცშესხმა შესაძლებელი გახდა კერძო შეწირულობით. 
2006 წელს განახლებულ შენობაში დაფუძნდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 30 ოქტომბერს, სასწავლებელსი დაირეკა პირველი ზარი, 31 ოქტომბერს კი გიმნაზიის ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა. ახლადკურთხეულ ტაძარში სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ დეკანოზ იოანესთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პირველი წირვა აღავლინა. იმავე წელს, 16 ნოემბერს გიმნაზიას ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და დალოცა გიმნაზია, მისი აღმშენებლები, მოსწავლეები, მასწავლებლები  და მრევლი.
2006 წელს გიმნაზიაში 83 მოსწავლემ დაიწყო სწავლა დაწყებითი საფეხურის პირველ 5 კლასში. გიმნაზიის დირექტორის, სამთავისისა და გორის ეპისკოპოს ანდრიას კურთხევით გიმნაზიის მოძღვრად დაინიშნა დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი), მოსწავლეთა სწავლების პროცესში 23 მასწავლებელი, ადმინისტრაციის 4 წარმომადგენელი და 10 თანამშრომელი ჩაერთო. 2007 წელს გიმნაზიამ მიიღო საბაზო და საშუალო საფეხურზე საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.
2010 წლიდან გიმნაზიამ სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა – დაფუძნდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ამავე წლის ივლისში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასცა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია. 
2010-11 სასწავლო წელს საკლასო მერხს პირველი-მეცხრე კლასის 271 მოსწავლე მიუჯდა.

2015 წელს ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ ახალ სასწავლო წელს 470-მდე მოსწავლე მიუჯდა მერხს, რომელთა განათლებასა და აღზრდას გიმნაზიის 85 თანამშრომელი ემსახურება.

აღსაზრდელები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად სწავლობენ: ძველ ქართულ ენას, საღვთო სჯულს, ქრისტიანული კულტურის ისტორიას, ქართულ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს, ქართულ ცეკვებს; შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ხელგარჯილობას, ხეზე კვეთას, თექის დამუშავებასაა და ფერწერას; ამავე დროს, შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და მათი გამოყენების მეთოდები.

2012 წელს გიმნაზიამ პირველ კურსდამთავრებულებს დაულოცა გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. პირველი გამოშვების 19 გიმნაზიელი ღირსეულად აგრძელებს განათლებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში.

გიმნაზია კვლავ ვითარდება - აშენდა გიმნაზიის ახალი სასწავლო კორპუსი, 2015 წელს მწყობრში შევიდა სპორტული დარბაზი. ყოველი სიახლე კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უქმნის გიმნაზიის მოსწავლეებს...

 

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება