2013-2014 სასწავლო წელს გიმნაზია მონაწილეობდა ილიას უნივერსიტეტის პროექტში PROFILES. პროექტის მიზანი იყო მარტივი, იაფი მასალებისა და ნივთიერებების გამოყენებით საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარება და შესაბამისად მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო დისციპლინებით.
პროექტის მონაწილე, გიმნაზიის ქომიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი, სასწავლო წლის განმავლობასი მუშაობდა წმ. მთავარანგელოსთა დასის სახელობის მე-7 და წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-8 კლასების მოსწავლეებთან.
მე-7 კლასელების პროექტის თემა იყო „ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებაში“. პროექტის, სათაურით „ჰოლივუდის ღიმილი“, მიზანი იყო მოსწავლეთა მიერ ქიმიის, როგორც სასწავლო საგნის მნიშვნელობის გააზრება, ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისი კავშირის დანახვა. ამ პროექტით მოსწავლეებმა შეისწავლეს კბილის ქიმიური შედგენილობა, და განახორციელეს ექსპერიმენტი თუ როგორ უნდა დაიცვან კბილები სხვადასხვა გამაღიზიანებლებისა და საკვები შემფერადებლებისგან. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეებმა შეისწავლეს დამცავი, სამკურნალო და მათეთრებელი კბილის პასტების შედგენილობა. გამოიკვლიეს თუ რომელ კბილის პასტას ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელი; დაადგინეს შეიძლება თუ არა ერთიდაიგივე კბილის პასტის გამოყენება ბავშვებსა და ზრდასრულებში. კვლევის დამთავრების შემდეგ იმსჯელეს კბილის კარიესის გამომწვევ მიზეზებსა და მის თავიდან აცილებაზე.
მე-8 კლასელებმა მაისის თვეში განვახორციელეს პროექტი თემაზე „ხსნარების სიმკვრივეების განსაზღვრა“. პროექტის ფარგლებში სათაურით „რატომ იძირება Coca Cola და ტივტივებს Coca Cola-Zero“, მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი აღნიშნულ სასმელებზე. ექსპერიმენტის შედეგად დაადგინეს შაქარის შემცველობაზე სიმკვრივის დამოკიდებულება და პასუხი გასცეს პროექტში დასმულ კითხვას. სიმკვრივეების გამოანგარიშებისას მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუკავშირეს ხსნარის მოცულობა, სიმკვრივე და მასა.
პროექტი ორივე კლასში მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ხალისით მიმდინარეობდა.