11 თებერვალს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ მოაწყო სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია. ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს: პროფესიული განვითარება, შეფასება და უკუკავშირი, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება, მასწავლებლების სკოლაში საქმიანობა, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული სტრატეგიები და მეთოდები, ღირებულებები და დამოკიდებულებები. კვლევის მიზანია, დაეხმაროს კვლევაში მონაწილე ქვეყნებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვაში. კვლევაში მონაწილეობდა 35 ქვეყანა. საქართველოში კვლევის ადმინისტრირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის 440 სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების დახმარებით. კვლევაში, როგორც რესპოდენტები, მონაწილეობდნენ გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა კაკაურიძე და გეოგრაფიის მასწავლებელი ლელა ყეინაშვილი, რომლებიც სხვა 7 რესპოდენტთან ერთად მიწვეულნი იყვნენ ანგარიშის წარდგენაზე.