ალექსი გორგიძე ეკუთვნის ახალგაზრდა ქართველ მათემატიკოსთა იმ თაობას, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჯერ კიდევ 20-იან წლებში, მხარში ამოუდგა საქართველოში მათემატიკური განათლების ფუძემდებლებს ანდრია რაზმაძეს,
გიორგი ნიკოლაძეს, ნიკო მუსხელიშვილს და არჩილ ხარაძეს.
ალექსი გორგიძე დაიბადა 1907 წლის 17 მაისს, ქალაქ ქუთაისში.
1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ნიკო მუსხელიშვილის თაოსნობითა და ხელშეწყობით, მათემატიკოსთა ახალი თაობა, როგორც პერსპექტიული და იმედის მომცემი მკვლევარები, 1930 წლის შემოდგომიდან ასპირანტურის კურსის გასავლელად მოსკოვისა და ლენინგრადის სამეცნიერო დაწესებულებებში გაიგზავნენ. 1935 წელს ალექსიმ წარმატებით დაამთავრა ასპირანტურის კურსი და დაბრუნდა თბილისში. მუშაობა დაიწყო მათემატიკის ინსტიტუტში(შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), რომლის დაარსებაშიც მან აქტიური მონაწილეობა მიიღო.
1938 წლიდან ალექსი ამავე უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე და პროფესორია;
1940-1954 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მიადგილე; 1935-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1944-1948 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე;
ალექსი გორგიძე ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი ღვაწლი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში და აკადემიის პრეზიდიუმში.
მისი ძირითადი შრომები ეხება დრეკადობის თეორიის, თეორიული მექანიკის, გამოთვლითი მათემატიკის საკითხებს, მეცნიერებისა და ტექნიკურ ისტორიას;
1993 წელს საქართველოს საინჟინრო აკადემიამ დაარსა მისი სახელობის პრემია; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები;
ალექსი გორგიძე გარდაიცვალა 1992 წლის 17 დეკემბერს, 85 წლის ასაკში.