ანდრია ვასილის ძე ბიწაძე, ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორეპონდენტი, პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი 1916 წლის 9 მაისს, სოფელ ცხრუკვეთში დაიბადა.
1931 წელს დაამთავრა ჭიათურის პედაგოგიური ტექნიკუმი,ხოლო 1940 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ანდრია ბიწაძე მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის, მოსკოვის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში, ამავე ქალაქების მათემატიკის ინსტიტუტებში. არის 150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. სხვადასხვა დროს ხანგრძლივი ვადით იყო მიწვეული ლექციების და მოხსენებების წასაკითხად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში: გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.
ანდრია ბიწაძე 1971 წლიდან საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად და მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტში კათედრის გამგედ მუშაობდა.
მისი ძირითადი შრომები ეხება ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, შერეული ტიპის განტოლებათა თეორიას, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას და ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს.
მათემატიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ბიწაძის სახელს ატარებს ახალი ბუნების რამდენიმე განტოლება, ამოცანა და ფორმულა, რომლებიც პირველად მისი კვლევის საგანს შეადგენდა.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: ორდენები და მედლები. 1982 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. იყო ჭიათურის საპატიო მოქალაქე.
გარდაიცვალა მოსკოვში 1994 წლის 6 სექტემბერს, დაკრძალულია დონის მონასტერში.