კონსტანტინე მარჯანიშვილი

კონსტანტინე მარჯანიშვილი –ქართველი მათემატიკოსი, ყოფილი საბჭოთა  კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაიბადა 1903 წლის 13 აგვისტოს, მოსკოვში, ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის და ნადეჟდა ჟივოკინა-

მარჯანიშვილის ოჯახში.

კონსტანტინე მარჯანიშვილმა საშუალო განათლება მიიღო მოსკოვში, რის შემდეგაც 1920 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე, რომელიც 1924 წელს დაამთავრა. აქ იგი ისმენდა პროფესორ ვინოგრადოვის ლექციებს და დაინტერესდა რიცხვთა თეორიით.

1924 წელს კ. მარჯანიშვილი გადმოვიდა საცხოვრებლად ქალაქ თბილისში. იმავე წელს მარჯანიშვილი გააგზავნეს გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში, სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად.

გერმანიიდან   საქართველოში დაბრუნებული კონსტანტინე მარჯანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილმა აიყვანა ასისტენტად, იმავდროულად იგი უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კურსებს კითხულობდა ამიერკავკასიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტთან ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით მათემატიკის ინსტიტუტის დაარსების ორგანიზაციასა და საქმიანობაში.

 

1933 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი დედასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა.

წლების მანძილზე იგი იყო ჟურნალ "მათემატიკური კრებულის" და "მათემატიკური ენციკლოპედიის " რედკოლეგიის წევრი. 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1973 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. დაჯილდოებულია ოთხი ორდენით.

კონსტანტინე მარჯანიშვილი ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ძირითადი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა თეორიაში და გამოყენებით მათემატიკაში. მუშაობდა რიცხვთა თეორიის ადიციურ ნაწილში. მის მიერაა შესწავლილი ჰილბერტ-კამკეს ტიპის დიოფანტური განტოლებები, მარტივ რიცხვებიანი ადიციური ამოცანები და გამოყენებითი მათემატიკის ზოგიერთი საკითხები. მას ჰქონდა განსაკუთრებული უნარი გამოეყენებინა მათემატიკური მეცნიერების მიღწევები გამოყენებითი ამოცანების ამოსახსნელად.

გარდაიცვალა ქ. მოსკოვში 1981 წლის 13 თებერვალს, დაკრძალულია ქ. თბილისში, დიდუბის პანთეონში.

ძიება