სამი დღე მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების, მობილური და კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიისა და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მიერ ორგანიზებული კონკურსი
„კრეათონი-სამაგიდო თამაშებიდან ბიზნესისაკენ“. თამაშით შესაძლებელია ლოგიკის, სტრატეგიული დაგეგმვის, მათემატიკური უნარ-ჩვევების, ფანტაზიისა და სხვა უნარების განვითარება. კონკურსში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი (ხელმძღვანელები, საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები ნაზი გიგოლაშვილი და ნელი ნაოჭაშვილი) საქართველოს სხვა კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებთან ერთად მონაწილეობდა.
პირველ დღეს კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებისგან სამაგიდო თამაშების შექმნასთან დაკავშირებული სასარგებლო რჩევები მოისმინეს. საკუთარი იდეებით და მიღებული რჩევების გათვალისწინებით მოსწავლეებმა შექმნეს სამაგიდო თამაში პროექტი და წარადგინეს ჟიურის წინაშე. 20 ნოემბერს გამოევლინდა კონკურსის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო სამაგიდო თამაში. გიმნაზიის მოსწავლეების ნიკოლოზ კილაძისა (წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-8 კლასი) და გიორგი მაისურაძის (ღირსი ექვთიმე ათონელის სახელობის მე-9 კლასი) მიერ შექმნილმა სამაგიდო თამაშმა საყოველთაო მოწონება, სუპერ პრიზი და ბიზნესის კეთების უფლება მოიპოვა.
ვულოცავთ გიმნაზიელებს ამ გამარჯვებას!