2017 წლის 16-18 მაისს, გორისა და ატენის ეპარქიის მხარდაჭერით, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ საზეიმოდ აღნიშნა გორის სასულიერო სასწავლებლის დაარსებიდან 200
, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100, სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში 16 მაისს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარში საზეიმო წირვა და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ანდრიამ, ნიშნად მადლიერებისა, გიმნაზიის ისტორიული შენობის აღგდენასა და მასში საგანმანათლებლო საქმიანობის განახლებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის სამახსოვრო საჩუქარო გადასცა ბატონ ოლეგ აფენდიკოვს. ამავე დღეს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმო საღამო გაიმართა. საღამოზე ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციით გიმნაზიის მოსწავლეებმა გორელ მსახიობებთან ერთად სტუმრებს გორის სასულიერო სასწავლებლის 200 წლიანი ისტორია გაახსენეს (შემოქმედებითი ჯგუფი-სოსო ნემსაძე, ზვიად ხუბულური, ლელა მერაბიშვილი). საღამოზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია); საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), რომელმაც დამსწრე საზოგადოებას უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მისალმება გააცნო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა; შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი კახა სამხარაძე; ქალაქ გორის მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, პოეტი ჯემალ ინჯია; საპატრიარქოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელით, ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორი ქალბატობნი მანანა ნაჭყებია. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, გიმნაზიელებმა მონაწილეობა მიიღეს საზეიმო მსვლელობაში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატით და თბილისში საერთო სახალხო მსვლელობას შეუერთდნენ. 18 მაისს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის სააქტო დარბაზში წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის გორის VII სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში სამი სექცია მუშაობდა: 1) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უძველესი დროიდან დღემდე, 2) გორის სასულიერო სასწავლებლის ისტორიიდან და 3) საკითხები საეკლესიო განათლების შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საბერძნეთის, რუსეთისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების წარმომადგენლები. სხვადასხვა სესიაზე მოხსენებებით წარდგნენ გიმნაზიაში მოღვაწე სასულიერო პირები: გიმნაზიის რექტორი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ანდრია მოხსენებით „სასულიერო პირთა საგანმანათლებლო საქმიანობა გორისა და ატენის ეპარქიაში“; გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი) მოხსენებით „გორის სასულიერო სასწავლებლის ისტორიიდან“ და გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი მღვდელი იოანე (ბონდარენკო) მოხსენებით „საღვთო სჯულის სწავლების მეთოდი და ბავშვთა სულიერი აღზრდა“. გორის სასულიერო სასწავლებელს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და ორასწლიან ტრადიციას 21-ე საუკუნეში ღირსეულად აგრძელებს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.