„გენეთლია" 2024

2024 წლის 10-11 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა ყოველწლიური ფესტივალი „გენეთლია“, რომელმაც უმასპინძლა მოსწავლეებს, სასულიერო პირებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა ეპარქიებიდან.

ფესტივალის მიზანია ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნა და რწმენის გაძლიერება მოზარდებში საკონფერენციო გამოსვლებით, ხატვის, კალიგრაფიის კონკურსებით, თვითშემოქმედებითი წარმოდგენებით და ხელნაკეთი ნივთების, ფოტოებისა და ნახატების გამოფენით. შობის სიხარულის გასაზიარებლად წელს გვესტუმრა ცხრა ეპარქიის სასწავლებელი და საჯარო სკოლა: ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზია, წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზია, ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლა (სამთავისისა და კასპის ეპარქია), წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია),

ფესტივალი გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას დალოცვით გაიხსნა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში და შემდეგ გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაგრძელდა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციით. კონფერენციაზე მოსწავლეები წარდგნენ თემით „ერთი საკითხი ჩემი ეპარქიის ისტორიიდან“. გავეცანით ბევრ საინტერესო მოხსენებას, ბევრი ახალი რამ გავიგეთ, ბევრი უცნობი ინფორმაციაც მივიღეთ დამსწრე საზოგადოებამ - როგორც მოგვიანებით გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა ბორისმა აღნიშნა, შეიძლება გვეგონა ბევრი ვიცოდით, მაგრამ დღევანდელმა დღემ ბევრი ახალი რამ გვასწავლა. მართლაც, წლევანდელი გენეთლია გამორჩეული იყო, გაიმართა ხატვის კონკურსი თემით „ტაძარი ჩემი ეპარქიიდან“, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული რვა ნამუშევრიდან გამოირჩა საუკეთესო სამეული და გამარჯვებულები კონკურსის მონაწილეებთან ერთად დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლების თვითშემოქმედებითი გამოსვლები საოცრად იყო დაკავშირებული საკონფერენციო თემებთან, რაც კიდევ უფრო დაგვეხმარა ეპარქიების ისტორიის გაცნობასა და გათავისებაში. ფესტივალი განსაკუთრებით გაახალისა გორისა და ატენის ეპარქიის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღის აღსაზრდელების წარმოდგენამ - მათი მონაწილეობა ფესტივალზე უკვე ტრადიციადაა ქცეული.

გიმნაზიელებმა სტუმრებთან ერთად მოვისმინეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერა-საგალობლები, ქართული ცეკვები, ვიხილეთ თეატრალური წარმოდგენები და ლიტერატურული კომპოზიციები და დავათვალიერეთ გამოფენა - მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, ფერწერული ნამუშევრები.

ფესტივალზე ყველაზე დასამახსოვრებელი და სახალისო მომენტია ბავშვების გაცნობა, დაახლოება და მათთან ერთად ქრისტეშობისა და ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა. წელს გამორჩეულად ვიმხიარულეთ გიმნაზიელებმა სტუმრებთან ერთად დერეფანში საშობაო სიმღერების შესრულებით. შემდეგ დაჯილდოება, მეგობრებთან გამომშვიდობება... მომავალ გენეთლიამდე!

ეს ორი დღე, დაუვიწყარი ემოციებით დახუნძლული, ერთობლივმა ფოტომ დააგვირგვინა - „ჩვენ და სტუმრები“!

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მე-12 კლასის მოსწავლე

თინათინ სურამელაშვილი

ძიება