გიმნაზიაში ყველასთვის ცნობილია, რომ ნორჩ მკვლევართა კლუბ „ქიმიკოსი XXI“-ის წევრები, თითქმის ყოველწლიურად, გიმნაზიელებს წარუდგენენ სახალისო ექსპერიმენტებს.
წელსაც გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ქიმიური ცდები, რათა დაწყებითი და საბაზისო საფეხურის მოსწავლეებს დაენახათ ქიმიის შესწავლის მნიშვნელობა. ეს საგანი გზის დასაწყისში ყველას ძალიან რთული ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ მისი სწავლა შეუძლებელია, მაგრამ ცდების საშუალებით სხვა კუთხით ხედავენ და ინტერესს გამოხატავენ მის მიმართ. პროექტის საჩვენებელი ღონისძიება „ფერადი ქიმია“ 2022 წლის 31 მაისს, ექვსი გაკვეთილის დასრულების შემდეგ, 13:30-ზე დაიწყო. ჩვენ, კლუბის წევრები, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ ბავშვები ექსპეტიმენტის ჩატარების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, რადგან გაოცებულ უმცროსკლასელებს გაუჩნდათ სურვილი თავად ჩაატარონ ცდები და უკვე ელიან მე-8 კლასში გადასვლას, რათა დაიწყონ ქიმიის შესწავლა და ექსპერიმენტებში მონაწილეობა.
2021-2022 სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიებისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ. ჩვენი ქიმიის მასწავლებელი და კლუბის კურატორი, ქალბატონი ნელი ნაოჭაშვილი ცდილობდა მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარებულიყო სახალისო ექსპერიმენტები და პირველ რიგში ჩვენ მიგვეღო ამ საქმიანობიდან სიამოვნება, ამიტომ ბავშვები ყოველკვირეულად ვიკრიბებოდით. შეკრების პირველ დღეს შევადგინეთ ჯგუფები, გავინაწილეთ ექსპერიმენტები და დავგეგმეთ, როგორ მოგვეწყო ეზო. მეორე შეხვედრაზე გავიმეორეთ ცდები. უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა წლის ღონისძიებიდან გამომდინარე, დაინტერესება საბაზო საფეხურის მოსწავლეებმაც გამოხატეს, რომლებიც კლუბში სიხარულით მივიღეთ. მესამე შეხვედრაზე შევაგროვეთ და მოვიმარაგეთ მასალები, რომლებიც დაგვჭირდებოდა ექსპერიმენტებში, ხოლო მეოთხე შეხვედრაზე უკვე საბოლოო შტრიხები შევიტანეთ მზადების პროცესში. სკოლაში შეხვედრების პარალელურად კლუბის წევრები ვიკრიბებოდით ონლაინ, რათა საბოლოოდ შეგვეთანხმებინა პროექტის დეტალები. მართალია ღონისძიების ჩატარება უფრო ადრე გვსურდა, მაგრამ ცუდი ამინდებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო. საბოლოოდ ვთვლი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც და ჩვენც კმაყოფილი დავრჩით. დაღლილი მოსწავლეები გიმნაზიის ეზოში გამხიარულდნენ და კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ.
ჩატარებული ცდები: ნეიტრალიზაციის რეაქცია იო-იო, C ვიტამინი, ცეცხლი რომელიც არ გვწვავს, სპილოს კბილის პასტა, ფარაონის გველები, ვულკანი, სანთლის ამოსვლა წყალში, ზედაპირული დაჭიმულობა, „შპიონის წერილი“, ფერები რძეში, „სკიტელსი“, ქვიშა შაქარი და სოდა, ხელთათმანების გაბერვა, ინდიკატორები და ფერადი ცეცხლი.
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლე
მარიამ ჯალაღანია