ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ წელს, 30 ოქტომბერს, უკვე მეექვსედ აღინიშნა დაბადების დღე. მას შემდეგ, რაც სამთავისისა და გორის მღვდელმთავარ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით სწავლა განახლდა, ბევრი რამ შეიცვალა. ექვსი წლის წინ 83-მა ბავშვმა შემოაღო გიმნაზიის კარი, დღეს კი, აქ უკვე 400-მდე მოსწავლე ეუფლება ცოდნას. აშენდა და წელს პირველი მოსწავლეები მიიღო მეორე სასწავლო კორპუსმაც.
იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები დილით, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში პარაკლისით დაიწყო. მსახურება მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად გიმნაზიის მოძღვარმა, მამა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) აღასრულა.
შეკრებილმა სტუმრებმა და გიმნაზიელებმა ტაძრიდან სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მეუფე ანდრიას ინიციატივით, სამომავლოდ, საკონფერენციო თემების მიხედვით, გიმნაზიის ისტორიის ამსახველი ბროშურის გამოცემა დაიგეგმა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვდა გიმნაზიის 5 საუკეთესო მასწავლებელი - ნანა ტატურაშვილი, ლიანა გელაშვილი, მაია მელიქიშვილი, სვეტლანა მაჭარაშვილი და ნინო კვაღნიძე, რომლებიც ადმინისტრაციისა და მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად გამოავლინეს. მათ ყვავილები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სამახსოვრო საჩუქარი მიიღო გიმნაზიის იმ თერთმეტმა თანამშრომელმაც, რომელსაც 2012 წელს მრგვალი თარიღი შეუსრულდა. დაჯილდოება წელს პირველად ჩატარდა ადმინისტრაციის ინიციატივით და ტრადიციად იქცევა.
დასასრულს, ლიტერატურულ-თეატრალური წრის, ქართული გალობის და ხალხური სიმღერების, ხალხური საკრევების და ცეკვის შემსწავლელი წრეების მოსწავლეები, სტუმრების წინაშე შემოქმედებითი ნომრებით წარსდგნენ.
მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს გიმნაზიის პირველი მოძღვარი, დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი), რომელიც განახლების პირველივე დღიდან ერთგულად ემსახურებოდა გიმნაზიას და თითოეული მოსწავლის გულში დიდი კვალი დატოვა...
დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გიმნაზიის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ფერწერული, ნაქარგი, ხეზე ნაკვეთი და თექის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
საიუბილეო დღის დასასრულს გიმნაზია ჩვეულ რითმს დაუბრუნდა. სასიხარულოა, რომ სასწავლებელი, სადაც არაერთი წმინდანი, პატრიარქი და საზოგადო მოღვაწე აღიზარდა, დღესაც ცდილობს გააგრძელოს ტრადიცია და ემსახუროს ქართულ სულიერებას.