შინაგანაწესი

წესები რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა

დამტკიცებულია

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის

რექტორის 2024 წლის 21 ივნისის #03/21 ბრძანებით

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

გორი

2024 წელი

 

თავი I

საერთო დებულებანი

  1. ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის (შემდგომში სკოლა-გიმნაზია) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის დეტალური წესი დგინდება შინაგანაწესით, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორის წარდგენით ამტკიცებს სკოლა-გიმნაზიის რექტორი.
  2. შინაგანაწესით დგინდება სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, მოსწავლეთა მომდევნო ან სხვა კლასში გადაყვანის, აგრეთვე კლასში დატოვებისა და გიმნაზიიდან გარიცხვის დეტალური პირობები და წესები, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სასწავლო რეჟიმი.
  3. შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება უნდა დამტკიცდეს სასწავლო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე მაინც.
  4. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა შეუძლია დამფუძნებელს, ან საკუთარი ინიციატივით, ან სკოლა-გიმნაზიის რექტორის წინადადებით დირექციისაგან დამოუკიდებლად.

მუხლი 1

სკოლა-გიმნაზიის ავტონომია

  1. სკოლა-გიმნაზია, განათლების სისტემის მართვის სახელმწიფო ორგანოების ჩაურევლად,     კანონმდებლობისა და თავისი წესდების შესაბამისად, დამოუკიდებლად წყვეტს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.
  2. სკოლა-გიმნაზიას, თავისი მართვის ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს სკოლა-გიმნაზიის საშტატო განრიგი, ტარიფიკაცია, გადაწყვიტოს საკადრო საკითხები და მუშაკთა დანიშვნის წესი;

ბ) განსაზღვროს სკოლა-გიმნაზიის საგანმანათლებლო პროგრამა (სასწავლო გეგმა) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის დაცვის პირობით;

გ) სასწავლო პროცესის განხორციელებისას თავად აირჩიოს სახელმძღვანელოები, რომელთაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი გრიფი; უფლებამოსილია დამხმარე სახელმძღვანელოების სახით გამოიყენოს საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ მოწონებული სახელმძღვანელოები;

დ) დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან თავისი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში;

ე) დამოუკიდებლად, მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, განკარგოს საკუთარი ქონება და ფინანსური სახსრები;

ვ) დააწესოს ვაუჩერის ზემოთ გადასახადი (ვაუჩერის გაუთვალისწინებლად);

ზ) გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებაში შემავალი სხვა საკითხები.


მუხლი 2

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი;

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის საფუძვლები

  1. სკოლა-გიმნაზია სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს წარმართავს მართლმადიდებლური სწავლების, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არსებული გამოცდილების, ქრისტიანული პედაგოგიკისა და თანამედროვე მეთოდიკების შეჯერების საუძველზე საქართველოს სახელმწიფოს საგანმანათლებლო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
  2. სწავლება აგებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მოქნილი ფორმების საფუძველზე, რომელიც ხელს უწყობს აღსაზრდელში ინტელექტისა და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
  3. სკოლა-გიმნაზიაში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი წარიმართება სკოლა-გიმნაზიის სასწავლო გეგმით, რომელსაც შეიმუშავებს სკოლა-გიმნაზია ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.


მუხლი 3

სკოლა-გიმნაზიაში სწავლის პროცესი

  1. სკოლა-გიმნაზიაში საგნების სწავლებისას გამოკვეთილია თემატიკა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს მართლმადიდებლური სოფლმხველობის ჩამოყალიბებაში.
  2. სწავლება-სწავლის პროცესი მიმდინარეობს აღსაზრდელთა ინტერესების, ინდივიდუალური თავისებურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
  3. სწავლება-სწავლა მიმდინარეობს აღმზრდელის და აღსაზრდელის ურთიერთობისა და პატივისცემის საფუძველზე, შესაბამისი უფლება-მოვალეობების ორმხრივი დაცვითა და გათვალისწინებით.
  4. სწავლების პროცესი აგებულია პედაგოგისა და მოსწავლის თანამშრომლობის პრინციპებზე.
  5. მშობლებისა და მოსწავლეებისათვის სწავლების პროცესის მიზნები, ამოცანები და მათი დროში განაწილება ცნობილია სასწავლო წლის დაწყების წინ.


მუხლი 4

სასწავლო კვირა, არდადეგები და უქმე დღეები

  1. სასწავლო კვირის ხანგრძლივობაა ხუთი დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  2. სკოლა-გიმნაზია ფუნქციონირებს მართლმადიდებლური საეკლესიო (იულიანური) კალენდრის შესაბამისად.
  3. სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს.
  4. სწავლა არ მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საეკლესიო და სხვა უქმე დღეებში, აგრეთვე რიგ საეკლესიო დღესასწაულებზე და არდადეგების პერიოდში (საშობაო, სააღდგომო, საზაფხულო).
  5. უქმე დღეების კალენდარი ცხადდება ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში.

მუხლი 5

ზოგადი განათლების საფეხურები სკოლა-გიმნაზიაში

  1. სკოლა-გიმნაზიაში სწავლება მიმდინარეობს სამ საფეხურად: დაწყებითი საფეხური I-VI კლასი, საბაზო საფეხური VII-IX კლასი და საშუალო საფეხური X-XII კლასი.
  2. კლასში მოსწავლეთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექცია.


მუხლი 6

სკოლა-გიმნაზიაში ჩარიცხვის წესი

  1. სკოლა-გიმნაზიის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. სკოლა-გიმნაზიაში შეიძლება ჩაირიცხოს აღსაზრდელი:

ა) რომელიც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი;

ბ) რომელსაც ჰყავს ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მაინც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, რომელიც დასტურდება მოძღვრის რეკომენდაციით;

გ) აღსაზრდელის სკოლა-გიმნაზიაში ჩასარიცხად აუცილებელია მოძღვრის რეკომენდაცია;

დ) სკოლა-გიმნაზიასა და აღსაზრდელის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის უნდა დაიდოს წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.

  1. სკოლა-გიმნაზიაში პირველ რიგში მიიღებიან ბავშვები:

ა) რომელთა მშობლები არიან სკოლის თანამშრომლები ან ღვთისმსახურები;

ბ) რომელთა უფროსი და-ძმა სწავლობს გიმნაზიის სხვადასხვა კლასში;

გ) რომლებსაც რეკომენდაციას აძლევს სკოლა-გიმნაზიის დირექციის წარმომადგენლები და ღვთისმსახურები.

  1. პირველ კლასში ჩასარიცხად მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:

ა) განაცხადი სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე;

ბ) დაბადების მოწმობის დედანი და ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

გ) მოსწავლის სამედიცინო ცნობა;

დ) ფოტოსურათი 3X4, 3 ცალი;

ე) რეგისტრაციის თანხის გადახდის ქვითარი;

ვ) სწავლის ერთი თვის გადასახადისგადახდის ქვითარი.

  1. სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეებისათვის ემატება:

ა) პირადი საქმე;

ბ) დაწესებულების ბეჭდით დამტკიცებული შეფასება ყველა საგანში და ინფორმაცია გაცდენილი საათების რაოდენობის შესახებ;

გ) ბრძანების ამონაწერი მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვის შესახებ.

  1. II-XII კლასებში სხვა სკოლიდან მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში იგი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის წინა პუნქტებით დადგენილ პირობას და უნდა გაიაროს გასაუბრება საერთო მომზადების დონის შესამოწმებლად.


მუხლი 7

სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ქცევისა და სწავლის პროცესი

  1. მოსწავლეს უფლება აქვს:

ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება;

ბ) აირჩიოს განათლების მიღების ფორმები;

გ) უფასოდ ისარგებლოს სკოლა-გიმნაზიის საბიბლიოთეკო ფონდით;

დ) ნებაყოფლობით ჩაერთოს შრომაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამით;

ე) ნებაყოფლობით დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული სასწავლო გეგმით;

ვ) ჰქონდეს სწავლებისათვის შესაბამისი გარემო;

ზ) დაცული იყოს არასათანადო მოპყრობისა და შეურაცხყოფისაგან;

თ) გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) გამოთქვას საკუთარი აზრი;

კ) დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

  1. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ სკოლა-გიმნაზიის წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნები;

ბ) აქტიურად იყვნენ ჩართულნი სწავლის პროცესში;

გ) მომზადებულნი მოვიდნენ გაკვეთილებზე, სრულფასოვნად/შესაძლებლობის ფარგლებში შეასრულონ საშინაო დავალებები და სხვა დამოუკიდებელი სამუშაოები;

დ) მზრუნველად მოექცენ სკოლა-გიმნაზიის ქონებას; დაზიანების შემთხვევაში მოწაფე (მისი ოჯახი) ვალდებულია, აღადგინოს დაზიანებული ნივთი;

ე) პატივი სცენ სკოლა-გიმნაზიის სხვა მოსწავლეებსა და მუშაკების პიროვნულ ღირსებებს;

ვ) შეასრულონ სკოლა-გიმნაზიის თანამშრომელთა მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია წესდებითა და შინაგანაწესით;

ზ) დაიცვან წესრიგი და სისუფთავე, გაუფრთხილდნენ სახელმძღვანელოებს;

თ) გაკვეთილებზე გამოცხადდნენ საგიმნაზიო ფორმით.

  1. დაუშვებელია:

ა) გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა;

ბ) გაკვეთილებზე დაგვიანება;

გ) სკოლა-გიმნაზიაში იარაღის, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, ნარკოტიკული ნივთიერებების, ნებისმიერი სახის საშუალებისა და ნივთიერების მოტანა და გამოიყენება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს აფეთქება, ხმაური ან ხანძარი;

დ) სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესში ისარგებლონ მობილური ტელეფონით;

ე) ჩაიდინონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გარშემომყოფთათვის საშიში შედეგები;

ვ) გაკვეთილის პროცესში თვითნებური გადაადგილება, გადალაპარაკება, წამოძახება, კარნახი და ქცევა, რომელიც ხელს შეუშლის გაკვეთილის შეუფერხებლად მსვლელობას;

ზ) ერთმანეთის დაცინვა, დაჩაგვრა, უხამსი სიტყვების გამოყენება;

თ) სკოლა-გიმნაზიაში არაფხიზელ მდგომარეობაში მოსვლა.

  1. მოსწავლის მიერ სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი წერს მოხსენებით ბარათს და წარადგენს დირექციაში.
  2. სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში:

ა) მოსწავლეს ეძლევა გაფრთხილება;

ბ) მეორე დარღვევის შემთხვევაში ეძლევა საყვედური;

გ) მესამე დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე დროებით დათხოვილი იქნება სკოლა-გიმნაზიიდან (სამიდან ხუთ დღემდე);

დ) მეოთხე დარღვევის შემთხვევაში დაისმება მოსწავლის სკოლა-გიმნაზიიდან გარიცხვის საკითხი.


მუხლი 8

მოსწავლის სკოლა-გიმნაზიიდან გარიცხვის საფუძვლები

  1. მოსწავლე სკოლა-გიმნაზიიდან ირიცხება:

ა) სკოლა-გიმნაზიის შენობაში და მის ტერიტორიაზე იარაღის, თამბაქოს ნაწარმის, ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის, გავრცელების შემთხვევაში;

ბ) ისეთი საშუალებებისა და ნივთიერებების შემოტანის შემთხვევაში, რომლებიც იწვევენ მოწამვლას, აფეთქებას, ხანძარს, ხმაურს;

გ) თუ ჩაიდენს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს გარშემომყოფთათვის სახიფათო შედეგი;

დ) როდესაც არ ექვემდებარება ეკლესიურ, სულიერ-ზნეობრივ აღზრდას;

ე) როდესაც მასზე დაიწერება სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესის დარღვევის გამო, მინიმუმ სამი მოხსენებითი ბარათი წლის განმავლობაში;

ვ) თუ მიაყენებს მოსწავლეს ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას;

ზ) როდესაც ყოფაქცევა შეუთავსებელია სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესის მოთხოვნებთან;

თ) სასკოლო დოკუმენტაციის დაზიანება-განადგურებისათვის;

ი) გაკვეთილების ორგანიზებულად (ჯგუფურად) მიტოვებისათვის;

კ) როდესაც ირღვევა სკოლა-გიმნაზიასა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის დადებული ხელშეკრულება;

ლ) როდესაც კლასში რამდენჯერმე (ორჯერ) დარჩება და არ შეესაბამება კანონით დადგენილ ასაკს.

  1. სკოლა-გიმნაზიიდან მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი რექტორის თანხმობით.


მუხლი 9

მოსწავლის კლასიდან კლასში და ზოგადი განათლების

ერთი საფეხურიდან მომდევნო საფეხურზე გადაყვანის წესი

  1. მოსწავლის კლასიდან კლასში და ზოგადი განათლების ერთი საფეხურიდან მომდევნო საფეხურზე გადაყვანის წესი განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმისა და გიმნაზიის სასწავლო გეგმის შესაბამისად.


მუხლი 10

მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები

  1. სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლა-გიმნაზიის სასწავლო გეგმის მიხედვით.


მუხლი 11

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი

  1. სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორსა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთობები რეგულირდება ხელშეკრულების საშუალებით.
  2. მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

ა) დადგენილი წესით სასწავლო დროს ან სკოლა-გიმნაზიის ტერიტორიაზე ისარგებლონ სკოლა-გიმნაზიის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით;

ბ) აირჩიონ სწავლების ფორმა (ექსტერნი, შინ სწავლება);

გ) დაიცვან ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები;

დ) ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში წერილობითი განცხადებით მიმართონ სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი;

ე) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით გამოთქვან საკუთარი აზრი საერთო სასკოლო-საგიმნაზიო და საკლასო მშობელთა კრებებზე;

ვ) გაეცნონ საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას და შინაარსს, შვილის/მეურვეობის ქვეშ მყოფის მოსწრებას;

ზ) შეიტანონ ნებაყოფლობითი შემოწირულობანი და მიზნობრივი შენატანები სკოლა-გიმნაზიის განვითარების მიზნით;

თ) გადაიყვანონ მოსწავლე იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მოსწავლის თანხმობით).

  1. მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან:

ა) შექმნან მათი ბავშვების აღზრდისა და მათთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობები;

ბ) შეასრულონ სკოლა-გიმნაზიასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;

გ) შეასრულონ სკოლა-გიმნაზიის წესდებით, შინაგანაწესითა და სკოლა-გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები;

დ) დაესწრონ სკოლა-გიმნაზიის მიერ ორგანიზებულ მშობელთა კრებებს;

ე) შვილის/მეურვეობის ქვეშ მყოფის სკოლა-გიმნაზიაში გამოუცხადებლიბის თაობაზე აცნობონ კლასის ხელმძღვანელს გაკვეთილების დაწყებამდე ან საგაკვეთილო დროის განმავლობაში.

  1. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელსა და მასწავლებელს შორის შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებული კონფლიქტის შემთხვევაში სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით იქმნება საგნის სპეციალისტების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამოწმებს მოსწავლის ცოდნას და აფასებს შესაბამისად.


თავი II

მუხლი 12

სკოლა-გიმნაზიის მართვა

  1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მართლმადიდებლურ სწავლებასთან შესაბამისობას ზედამხედველობს სკოლა-გიმნაზიის რექტორი;
  2. სკოლა-გიმნაზიის რექტორი ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორს და სკოლა-გიმნაზიის დირექციას;
  3. სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი წარმართავს გიმნაზიის ყოველდღიურ საქმიანობას;
  4. სკოლა-გიმნაზიის დირექცია ამზადებს აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს სკოლა-გიმნაზიის საქმის წარმოებას, ზედამხედველობს სკოლა-გიმნაზიის წესდების, შინაგანაწესისა და აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. ახორციელებს სკოლა-გიმნაზიის წესდებითა და აღმასრულებელი დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
  5. სკოლა-გიმნაზიის დირექციაში თანამდებობრივად შედიან:

ა) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;

ბ) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში;

გ) ბუღალტერი.


მუხლი 13

სკოლა-გიმნაზიის რექტორი

  1. სკოლა-გიმნაზიის რექტორი უნდა იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური.
  2. სკოლა-გიმნაზიის რექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლა-გიმნაზიის დამფუძნებლის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი (მისგან უფლებამოსილი პირი).
  3. სკოლა-გიმნაზიის რექტორი უზრუნველყოფს სკოლა-გიმნაზიის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შესაბამისობას ქრისტიანული პედაგოგიკის საფუძვლებთან, მართმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან და ამ მიზნით ზედამხედველობს სკოლა-გიმნაზიის მმართველი ორგანოების საქმიანობას.
  4. თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, სკოლა-გიმნაზიის რექტორს უფლება აქვს სკოლა-გიმნაზიის მმართველი ორგანოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, შეაჩეროს სკოლა-გიმნაზიის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილებების გადასინჯვა.
  5. სკოლა-გიმნაზიის რექტორი ასრულებს ამ შინაგანაწესით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 14

სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი

  1. სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს სკოლა-გიმნაზიის რექტორი.
  2. სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს სკოლა-გიმნაზიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
  3. სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი:

ა) ზედამხედველობს სკოლა-გიმნაზიის დირექციას;

ბ) ზედამხედველობს და მართავს სკოლა-გიმნაზიის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;

გ) სკოლა-გიმნაზიის რექტორთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს სკოლა-გიმნაზიის დირექციაში;

დ) კანონმდებლობითა და სკოლა-გიმნაზიის წესდებით დადგენილი წესით დებს გარიგებებს სკოლა-გიმნაზიის სახელით;

ე) სკოლა-გიმნაზიის რექტორთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლა-გიმნაზიის წესდების საფუძველზე წყვეტს სკოლა-გიმნაზიის დირექციის, პედაგოგებისა და სხვა მუშაკთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს;

ვ) სკოლა-გიმნაზიის რექტორის თანხმობით უფლებამოსილია საფინანსო-რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, სკოლა-გიმნაზიის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;

ზ) პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობით წარუდგენს სკოლა-გიმნაზიის რექტორს სასწავლო გეგმას დასამტკიცებლად;

თ) უფლებამოსილია სკოლა-გიმნაზიის რექტორის თანხმობით სკოლა-გიმნაზიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლა-გიმნაზიის წესდებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელი დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს - ბრძანებით.
  2. აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია დამფუძნებლისა და სკოლა-გიმნაზიის რექტორის წინაშე სკოლა-გიმნაზიის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციაზე, სკოლა-გიმნაზიის მატერიალური და ფინანსური სახსრების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.
  3. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს, რექტორის მითითებით, ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში.
  4. აღმასრულებელი დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში მისი მოვალეობების შემსრულებელი ინიშნება რექტორის გადაწყვეტილებით.


მუხლი 15

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში

  1. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს სასწავლო-აღმზრდელობითი დარგში ევალება:

ა) სასწავლო ცხრილის შესრულების უშუალო კონტროლი (გაკვეთილების გაცდენა-დაგვიანების, მასწავლებელთა ჩანაცვლების საკითხების გადაწყვეტა);

ბ) სასწავლო-სააღმზრდელო გეგმების შესრულების კონტროლი;

გ) სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგი;

დ) მასწავლებელთა მიერ მათი მოვალეობების შესრულების კონტროლი;

ე) სკოლა-გიმნაზიის საგნობრივი კათედრების მუშაობის მონიტორინგი;

ვ) სკოლა-გიმნაზიის ელექტრონული ჟურნალის წარმოების მონიტორინგი;

ზ) ყოველი თვის ბოლოს ინფორმაციის მომზადება აღმასრულებელი დირექტორისათვის სწავლა-სწავლების და სააღმზრდელო პროცესის პრობლემების შესახებ;

თ) შეფასების სისტემის მონიტორინგი - სემესტრის ბოლოს ანგარიშის წარდგენა აღმასრულებელი დირექტორისათვის.


მუხლი 16

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში

  1. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს საორგანიზაციო დარგში ევალება:

ა) შეიმუშაოს კლასგარეშე და სკოლისგარეშე გეგმები და განახორციელოს ისინი;

ბ) აკონტროლოს და ორგანიზაცია გაუწიოს კლასის ხელმძღვანელთა მუშაობას, უზრუნველყოს მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად შესრულება;

გ) უხელმძღვანელოს „პირველი“ და „ბოლო“ ზარის ჩატარებას;

დ) ორგანიზაცია გაუწიოს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალს;

ე) ორგანიზაცია გაუწიოს სკოლა-გიმნაზიაში დაგეგმილ ღონისძიებათა მოწყობას (სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია, ოლიმპიადა, ფესტივალი, პროექტი, ექსკურსია, აგრეთვე სკოლა-გიმნაზიის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს);

ვ) აკონტროლოს სკოლა-გიმნაზიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობა;

ზ) იზრუნოს სკოლა-გიმნაზიისათვის ნებაყოფლობითი შემოწირულობებისა და დამატებითი თანხების მოძიებაზე (პროექტების შექმნა, საქველმოქმედო აქციების მოწყობა);

თ) ზედამხედველობა გაუწიოს სკოლა-გიმნაზიის სახელით ერთობლივ საქმიანობას გარეშე ორგანიზაციებთან და სუბიექტებთან;

ი) წინასწარ აწარმოოს გათვლები საჭირო რესურსებზე, შეუკვეთოს ისინი და მონაწილეობა მიიღოს სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებაში მომწოდებლებთან;

კ) აწარმოოს მატერიალურ ღირებულებათა ინვენტარიზაცია და რევიზია სათანადო პირების მონაწილეობით;

ლ) რეგულარულად შეამოწმოს სასწავლო ოთახებისათვის განკუთვნილი ინვენტარის მოვლის მდგომარეობა და აცნობოს სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს;

მ) მიაწოდოს ინფორმაციულ ტექნოლოგს მასალები სკოლა-გიმნაზიის ვებგვერდზე განსათავსებლად და აკონტროლოს გიმნაზიის ვებგვერდი.


მუხლი 17

ბუღალტერი

  1. ბუღალტერს ევალება:

ა) სკოლა-გიმნაზიის უძრავ-მოძრავი ქონების საბალანსო ღირებულების აღრიცხვა;

ბ) სკოლა-გიმნაზიაში შემოსული თანხების კონტროლი;

გ) საბანკო ოპერაციების წარმოება;

დ) ურთიერთობა საფინანსო სამსახურებთან;

ე) ხელფასების გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;

ვ) პერიოდულად ფინანსური ანგარიშის მომზადება;

ზ) სემესტრის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება სამეურნეო ნაწილის გამგესთან ერთად;

თ) საბუღალტრო დოკუმენტაციის საიმედო დაცვა, მათი სათანადო გაფორმება და დადგენილი წესით არქივში შენახვა, წარდგენა რექტორისა და აღმასრულებელი დირექტორისათვის.


მუხლი 18

სკოლა-გიმნაზიის მოძღვარი

  1. სკოლა-გიმნაზიის მოძღვარი უნდა იყოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირი.
  2. სკოლა-გიმნაზიის მოძღვარს ნიშნავს/ათავისუფლებს:

ა)    ეპარქიის მღვდელმთავარი;

ბ) სკოლა-გიმნაზიის დამფუძნებელი და მისი კანონიერი წარმომადგენელი თავისი შეხედულებისამებრ.

  1. სკოლა-გიმნაზიის მოძღვარი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს სკოლა-გიმნაზიის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაბამისობას მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან.
  2. სკოლა-გიმნაზიის მოძღვარი ზრუნავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა სულიერ მდგომარეობაზე. ის აბარებს ანგარიშს მღვდელმთავარს/სკოლა-გიმნაზიის დამფუძნებელს სკოლა-გიმნაზიის შემადგენლობის სულიერი მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 19

სამეურნეო ნაწილის გამგე

  1. უზრუნველყოფს სკოლა-გიმნაზიის სამეურნეო მომსახურებას, სანიტარული მომსახურებისა და სახანძრო უსაფრთხოების დაცვას.
  2. უწევს კონტროლს ელექტროგანათების, გათბობის, ვენტილაციის და სანტექნიკური მოწყობილობების გამართულ მუშაობას.
  3. მონაწილეობს წარმოების ძირითადი ფონდების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებაში, აკონტროლებს მათ მიმდინარეობას; ადგენს სამეურნეო ხარჯების ანგარიშს.
  4. უზრუნველყოფს სკოლა-გიმნაზიას ავეჯით, სამეურნეო ინვენტარით. აკონტროლებს მათ დაცვას და მიმდინარე შეკეთების დროულად ჩატარებას.  
  5. ხელმძღვანელობს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს, გამწვანებას, დასუფთავებას, ფასადის მოვლას და სხვა. უწევს ტექნიკურ მომსახურებას სკოლა-გიმნაზიაში და მისი ეგიდით ჩატარებულ ყველა ღონისძიებას.
  6. ხელმძღვანელობს დაცვის სამსახურს, სატრანსპორტო მეურნეობას და კომუნალურ სამსახურს, უზრუნველყოფს სკოლა-გიმნაზიას სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით.
  7. უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობაში მასალების დატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოებს ისე, რომ დაცულ იქნას მოთხოვნები შრომის დაცვაზე, უსაფრთხოების ტექნიკაზე, საწარმოო სანიტარიაზე.
  8. დროულად უზრუნველყოფს საწყობის სათავსოს მიმდინარე რემონტს, წესრიგში აქვს მოწყობილობანი, ინვენტარი. უზრუნველყოფს განათების ელექტრო-მოწყობილობების მომსახურებას.
  9. დროდადრო უზრუნველყოფს სასწავლო ოთახებისათვის განკუთვნილი ინვენტარის შეკეთება-აღდგენას.
  10. ზედამხედველობს სკოლა-გიმნაზიის ტექნიკური პერსონალის მუშაობას.
  11. აქტიურად მონაწილეობს ისეთ ღონისძიებათა გატარებაში, რომელიც უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობის ეფექტურ გამოყენებას.  


მუხლი 20

საქმეთა მმართველი

  1. საქმეთა მმართველს ევალება:

ა) სკოლა-გიმნაზიის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;

ბ) მიმოწერა ზემდგომსა თუ სხვა ინსტანციებთან;

გ) შემოსული და გასული ყველა ოფიციალური დოკუმენტის აღრიცხვა და დაყვანა ადრესატამდე;

დ) სკოლა-გიმნაზიის კონტიგენტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წარმოება;

ე) მასწავლებელთა და სკოლა-გიმნაზიის სხვა მუშაკთა პირად საქმეებში და დოკუმენტებში ჩანაწერების დროულად გაკეთება (ცვლილებების, დაჯილდოებებისა და სხვა) და შენახვა;

ვ) საკლასო დოკუმენტაციის, საგამოცდო უწყისების შენახვა;

ზ) სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოება და შენახვა;

თ) სკოლა-გიმნაზიის სასწავლო პროცესების მარეგულირებელი, დანიშვნითი და სხვა სახის ბრძანებების წიგნების, შრომითი, მშობელთა და სხვა სახის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების წიგნების წარმოება და შენახვა;

ი) სკოლა-გიმნაზიის არქივის მოვლა-მოწესრიგება.


მუხლი 21

სკოლა-გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო

  1. სკოლა-გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო შედგება გიმნაზიის ყველა პედაგოგისაგან. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სკოლა-გიმნაზიის პედაგოგთა არანაკლებ ნახევარი. სკოლა-გიმნაზიის პედაგოგთა საბჭო ტარდება სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას სკოლა-გიმნაზიის რექტორის, აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით ან პედაგოგიური საბჭოს ინიციატივით.
  2. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს სკოლა-გიმნაზიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.
  3. პედაგოგიური საბჭო:

ა) უფლებამოსილია შეიმუშაოს და აღმასრულებელ დირექტორს განსახილველად წარუდგინოს ცვლილებები სკოლა-გიმნაზიის საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში.

ბ) უფლებამოსილია განიხილოს სკოლა-გიმნაზიის სასწავლო გეგმა და უშუამდგომლოს აღმასრულებელ დირექტორს წარუდგინოს სკოლა-გიმნაზიის რექტორს დასამტკიცებლად.

გ) უფლებამოსილია განიხილოს სკოლა-გიმნაზიის სწავლა-სწავლების პროცესის პრობლემები და შესთავაზოს დირექციას მათი გადაჭრის გზები.

დ) უფლებამოსილია განიხილოს სკოლა-გიმნაზიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და მიაწოდოს რეკომენდაციები დირექციას.

მუხლი 22

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შიდაკონტროლის

წესი და განხორციელების ფორმები

  1. გაკვეთილზე დასწრება;
  2. დოკუმენტაციის შემოწმება;
  3. შიდასასკოლო წერების ჩატარება;
  4. ტესტირებების ჩატარება;
  5. ანკეტური გამოკითხვა;
  6. გასაუბრება მოსწავლეებთან;
  7. სასწავლო პროცესის მონიტორინგი:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე კონტროლი;

ბ) მასწავლებელთა საქმიანობის კანონიერებაზე კონტროლი;

გ) მასწავლებელთა საქმიანობის მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის კონტროლი;

დ) მასწავლებელთა და მოსწავლეთა საშემსრულებლო დისციპლინის კონტროლი;

ე) მასწავლებელთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კულტურაზე კონტროლი;

ვ) მასწავლებელთა პროფესიული დაოსტატების საქმიანობის კონტროლი.


მუხლი 23

სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესის დამტკიცებისა და

მასში ცვლილებების შეტანის წესი

  1. სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესის პროექტს ამზადებს აღმასრულებელი დირექტორი დირექციასთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლა-გიმნაზიის რექტორს.
  2. სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესს ამტკიცებს სკოლა-გიმნაზიის რექტორი.
  3. სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესში ცვლილება შედის ამ შინაგანაწესის საერთო დებულებით დადგენილი პროცედურის დაცვით.
  4. სკოლა-გიმნაზიის დამფუძნებელი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სკოლა-გინაზიის რექტორის წინადადებით დირექციისგან დამოუკიდებლად მოამზადოს და დაამტკიცოს სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესი და ცვლილებები შეიტანოს მასში.

თავი III

სკოლა-გიმნაზიის პერსონალი


მუხლი 24

სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი

  1. სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი უნდა იყოს პირი, რომელსაც პროფესიული უფლება მიენიჭება არსებული კანონმდებლობის მიხედვით და არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.
  2. სკოლა-გიმნაზიაში მასწავლებლის სამუშაოზე მიიღება საკონკურსო კომისიასთან (აღმასრულებელი დირექტორის, სასწავლო-აღმზრდელობით დარგში აღმასრულენელი დირექტორის მოადგილისა და შესაბამისი კათედრის/საგნის თავმჯდომარის/მასწავლებლის შემადგენლობით) გასაუბრების შედეგის საფუძველზე და იდება ხელშეკრულება სკოლა-გიმნაზიასა და მასწავლებელს შორის.
  3. მასწავლებელი პირად მაგალითზე უნდა აჩვენებდეს მოსწავლეს რას ნიშნავს ქრისტიანული სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა. მასწავლებლის მაგალითი გადამწყვეტია სკოლა-გიმნაზიაში მშვიდი და ღვთივსათნო გარემოს შესაქმნელად.
  4. მასწავლებელმა სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება სამუშაოზე მიღების თაობაზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) სერთიფიკატების ასლი (თუ ასეთი არსებობს);

ე) კადრების აღრიცხვის ფურცელი;

ვ) კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

  1. სამსახურში მიღებისას სკოლა-გიმნაზიის დირექცია მასწავლებელს აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) სკოლა-გიმნაზიის წესდება;

ბ) შინაგანაწესი;

გ) ამ დაწესებულებისათვის დამახასიათებელი სხვა საბუთები.

  1. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) აკმაყოფილებდეს შესაბამის პედაგოგიურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) შეასრულოს სკოლა-გიმნაზიის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები და დაიცვას შინაგანაწესი;

გ) დაიცვას მოსწავლეთა პიროვნული ღირსება, არ დაუშვას მათ მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა;

დ) მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეთა კონფლიქტების გარკვევასა და დარეგულირებაში;

ე) იზრუნოს პროფესიული ცოდნისა და ოსტატობის დონის ამაღლებისათვის;

ვ) მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება და იყოს პასუხისმგებელი პროფესიული საქმიანობის შედეგზე;

ზ) იზრუნოს შრომითი დისციპლინის დაცვაზე;

თ) მოსწავლის გაკვეთილზე დაგვიანების, საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან გაკვეთილის უნებართვოდ დატოვების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კლასის ხელმძღვანელს ან ადმინისტრაციას.

  1. მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს პედაგოგიური საბჭოს სხდომებს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სკოლა-გიმნაზიის სასწავლო, სამოქმედო და განვითარების გეგმების შემუშავებაში;

გ) დაიცვას საკუთარი პროფესიული პატივი და ღირსება;

დ) გაიაროს ატესტაცია, აიმაღლოს კვალიფიკაცია;

ე) მოამზადოს საკლასო და სასკოლო-საგიმნაზიო ღონისძიებები;

ვ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სკოლა-გიმნაზიის მიერ დადგენილი სოციალური შეღავათებით და გარანტიებით;

ზ) საქველმოქმედო მიზნებისათვის დადგენილი წესით მოიზიდოს ნებაყოფლობითი შემოწირულობები;

თ) დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინარული პასუხისმგებლობისაგან.

  1. მასწავლებელი სკოლა-გიმნაზიაში ცხადდება ჩასატარებელი გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
  2. დაგვიანებისათვის ან საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენისათვის ექვითება ხელფასი, ჩატარებული გაკვეთილები უნაზღაურდება სათადარიგო პედაგოგს.
  3. გაკვეთილების მოსალოდნელი გაცდენის შემთხვევაში (ოჯახური პირობების შეცვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სხვა) ვალდებულია შეატყობინოს სკოლა-გიმნაზიის დირექციას, რათა ერთად იზრუნონ არსებული პრობლემის გადასაჭრელად.
  4. მასწავლებელი ვალდებულია ყოველი გაცდენილი საათის შესახებ წარსდგეს ახსნა-განმარტებით დირექციასთან (ავადმყოფობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საავადმყოფოს ფურცელი).
  5. მასწავლებელს ეკრძალება გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლის გაგდება საკლასო ოთახიდან. მოსწავლის მხრიდან დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში იწერება მოხსენებითი ბარათი, რომელიც რეაგირებისათვის გადაეცემა სკოლა-გიმნაზიის დირექციას.
  6. მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელია შრომითი კანონმდებლობისა და სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესის საფუძველზე.


მუხლი 25

კლასის ხელმძღვანელი

  1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით თითოეული სასწავლო კლასისათვის აღმასრულებელი დირექტორი, სკოლა-გიმნაზიის რექტორის თანხმობით, ნიშნავს კლასის ხელმძღვანელს.
  2. კლასის ხელმძღვანელი თავისი ცხოვრების წესით უნდა წარმოადგენდეს მაგალითს მოსწავლეებისა და მშობლებისათვის, თავისი მოვალეობის შესრულება დაუქვემდებაროს სკოლა-გიმნაზიის საერთო მიზნებსა და ინტერესებს; უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.
  3. კლასის ხელმძღვანელს უფლება აქვს დირექციასთან შეთანხმებით მოიწვიოს მოსწავლეთა, მშობელთა ან ერთობლივი კრება; დირექციის წინაშე დააყენოს მოსწავლეზე სხვადასხვა შეღავათის გაწევის საკითხი; შეატყობინოს მშობელთა მიერ გამოთქმული პრეტენზიები და მოსაზრებები, მათ შორის სკოლა-გიმნაზიაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით.
  4. კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) შეისწავლოს საერთო ცნობები ცალკეული მოსწავლის შესახებ, მისი პიროვნული თვისებები, და გაითვალისწინოს მუშაობაში;

ბ) მოსწავლეებს და მშობლებს გააცნოს სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესი;

გ) კონტროლი დააწესოს გაკვეთილების გაცდენაზე;

დ) შეადგინოს თემატიკა კლასის საათისათვის;

ე) მინიმუმ თვეში ერთხელ მოაწყოს შეკრება კლასში შექმნილი საჭირბოროტო საკითხების განსახილველად;

ვ) უზრუნველყოს წარჩინებულ მოსწავლეთა მიღწევების განზოგადება;

ზ) მკაცრი კონტროლი დააწესოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე;

თ) დირექციაში მითითებულ ვადებში, მასწავლებლებთან კორდინაციით, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში;

ი) მოსწავლის მოძღვართან ერთად სათანადო რეაგირება მოახდინოს მასწავლებლების მიერ დაწერილ მოხსენებით ბარათებზე. შეატყობინოს ამის შესახებ მოძღვრებს შემდგომი ღონისძიების გასატარებლად;

კ) მინიმუმ სემესტრში სამჯერ მოიწვიოს მშობელთა კრება (პირველ კლასში მასწავლებელთან ერთად). უზრუნველყოს მშობლების ინფორმირება მოსწავლეების აკადემიურ და ზნეობრივ მდგომარეობაზე;

ლ) აწარმოოს კლასის ხელმძღვანელის რვეული;

მ) ცხრილით გათვალისწინებული გაკვეთილის არჩატარების შემთხვევაში სადამრიგებლო კლასში ჩაატაროს გეგმით გათვალისწინებული კლასის საათი;

ნ) მოხსენებითი ბარათების გათვალისწინებით, მოძღვართან შეთანხმებით, შეაფასოს მოსწავლეთა ყოფაქცევა (ზნეობა) და აცნობოს მშობელს;

ო) პირველი კლასის ხელმძღვანელმა სასწავლო წლის ბოლოს შეადგინოს თითოეული მოსწავლის პედაგოგიური დახასიათება;

პ) ინდივიდუალურად იმუშაოს ძნელადაღსაზრდელ მოსწავლეებთან;

ჟ) აწარმოოს მოსწავლეთა პირადი საქმეები, აკონტროლოს ელექტრონული ჟურნალი;

რ) კავშირი იქონიოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის ოჯახთან, აცნობოს საჭირო ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, შეატყობინოს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის და დაგვიანების შესახებ და დაადგინოს მიზეზი;

ტ) იმყოფებოდეს სკოლაში სადამრიგებლო კლასის ცხრილში შეტანილი ყველა გაკვეთილის განმავლობაში, თვალყური ადევნოს მოსწავლის ქცევას;

უ) ესწრებოდეს სადამრიგებლო კლასთან დაკავშირებით ყველა შეკრებასა და ღონისძიებას და მონაწილეობა მიიღოს მათ მომზადებაში;

ფ) შეასრულოს სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესის სხვა მუხლები.

  1. ზემოთჩამოთვლილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მოქმედ კლასის ხელმძღვანელს უფლებამოსილება.


მუხლი 26

სკოლა-გიმნაზიის საგნობრივი კათედრა/კათედრის თავმჯდომარე

  1. სკოლა-გიმნაზიის საგნობრივი კათედრა არის ერთიდაიმავე ან მონათესავე საგნის მასწავლებელთა ერთიანობა. იგი იქმნება:

ა) როცა სკოლა-გიმნაზიაში ერთი და იმავე საგნის მასწავლებელთა რაოდენობა სამი და მეტია;

ბ) როცა სამზე ნაკლებია მაშინ იქმნება მონათესავე საგნის მასწავლებელთა კათედრა.        

  1. საგნობრივი კათედრის ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის / საგნების სწავლების კოორდინაცია;

ბ) ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება წარმატების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

გ) სახელმძღვანელოების არჩევა (თითოეული კლასის ყველა განაყოფში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი);

დ) საგნობრივი კათდრების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა;

ე) პროფესიული განვითარების გზების დასახვა;  

ვ) რეკომენდაციების შემუშავება ახალი დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისათვის საჭირო წიგნების შესახებ;

ზ) რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ.

  1. საგნობრივი კათედრის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ შესაბამისი კათედრის წევრები.
  2. საგნობრივი კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:  

ა) რეგულარული შეხვედრების ორგანიზება. (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისა და საბუთების წარმოება);

ბ) საგნობრივი კათედრის გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლა-გიმნაზიის დირექციისათვის;

გ) პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა);

დ) საგნის სწავლებაში პროგრამული თუ თემატური სიახლეების დროულად დაყვანა მასწავლებლებამდე და თემატური გეგმების განხილვა;

ე) მოწინავე პედაგოგიური გამოცდილების განზოგადება, გავრცელება, დანერგვა;

ვ) ახალგაზრდა პედაგოგთა პროფესიული დაოსტატებისათვის ზრუნვა;

ზ) მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება ადგილზე (შესაძლებლობის ფარგლებში), ღია გაკვეთილების, ურთიერთდასწრებისა და ღია კარის დღეების ორგანიზება;

თ) ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში 10 სექტემბრამდე არჩეული სახელმძღვანელოების სიის გამოკვრა მშობელთათვის თვალსაჩინო ადგილას;

ი) სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ კათედრის სხდომების ჩატარება.


მუხლი 27

დამხმარე მასწავლებელი

  1. დამხმარე მასწავლებელი სკოლა-გიმნაზიაში უძღვება გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფის მეცადინეობებს.


მუხლი 28

ბიბლიოთეკარი

  1. ბიბლიოთეკა კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულებაა, რომლის ფუნქციაა ეფექტურად გამოიყენოს წიგნადი ფონდი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
  2. სკოლა-გიმნაზიაში საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია:

ა) მკითხველთა სწრაფი და სრული უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციით;

ბ) ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;

  1. ბიბლიოთეკის საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია: მკითხველთა თანასწორუფლებიანობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შეუზღუდველობა და ოპერატიულობა.
  2. ბიბლიოთეკარი დახმარებას უწევს მასწავლებლებს მოსწავლეთა კლასგარეშე კითხვის ორგანიზაციაში. ეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება- განმტკიცებაში; აჩვევს მათ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობას და წიგნების მოვლა-პატრონობას.
  3. ბიბლიოთეკარი აწარმოებს წიგნების, ჟურნალებისა და გაზეთების გაცემასა და აცნობს სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალ გამოცემებს.
  4. ბიბლიოთეკარი ასწავლის მოსწავლეებს ლექსიკონებისა და ცნობარების გამოყენებას, გარკვეული თემის მიხედვით საჭირო ლიტერატურის შერჩევას, წიგნებით სარგებლობასა და მათი დაცვის წესებს.
  5. წიგნების პროპაგანდის მიზნით ბიბლიოთეკარი აწყობს წიგნების გამოფენას. ეწევა მასობრივ მუშაობას და აწყობს წიგნების ხმამაღალ კითხვას, ლექციებს, საუბრებს და მკითხველთა კონფერენციებს.
  6. ბიბლიოთეკარი მატერიალურად პასუხს აგებს წიგნებისა და ბიბლიოთეკის ქონების დაცვაზე. მას წესრიგში მოჰყავს ბიბლიოთეკის მეურნეობა, ადგენს წიგნების კატალოგს.
  7. დირექციას წარუდგენს რეკომენდაციებს სხვადასხვა ლიტერატურის შეძენის თაობაზე.


მუხლი 29

სკოლა-გიმნაზიის კომენდანტი

  1. კომენდანტი მოვალეა:

ა) სასწავლო პროცესის განმავლობაში არ შეუშვას უცხო პირი სკოლა-გიმნაზიის ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვის გარეშე.

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მოსწავლეთა ქცევას დერეფანში დასვენებებზე და საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას, მოსწავლის კლასიდან გამოსვლის შემთხვევაში.


მუხლი 30

სკოლა-გიმნაზიის ინფორმაციული ტექნოლოგი

  1. ინფორმაციული ტექნოლოგი მოვალეა:

ა) უზრუნველყოს სკოლა-გიმნაზიის პერსონალური კომპიუტერების გამართული მუშაობა;

ბ) ტექნიკური მომსახურება გაუწიოს სკოლა-გიმნაზიის ვებგვერდს;

გ) გამართოს და ადმინისტრირება გაუწიოს სკოლა-გიმნაზიაში კომპიუტერულ ქსელს.


მუხლი 31

სკოლა-გიმნაზიის დარაჯი

  1. დარაჯი იცავს ობიექტს: ატარებს მოქალაქეებს, სატრანსპორტო საშუალებებს ობიექტზე და უკან სათანადო ნებართვის შემთხვევაში.
  2. დარაჯი ხსნის და ხურავს ჭიშკარს, ამოწმებს დასაცავი ობიექტის სიმრთელეს, გასაღებებს, საკეტებსა და სხვა მოწყობილობებს.
  3. ამოწმებს ვიდეოკონტროლის სისტემის გამართულობას, ობიექტის ელექტრომაშუქებელ ფარებს და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის მდგომარეობას. გაუმართაობის შემთხვევაში ატყობინებს სამეურნეო ნაწილის გამგეს ან დირექციას.
  4. ობიექტზე რაიმე დაზიანების აღმოაჩენის შემთხვევაში დარაჯი ვალდებულია აცნობოს სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს და „112“-ს. მათ მოსვლამდე კი უზრუნველყოს დანაშაულის მამხილებელი ფაქტების დაცვა.
  5. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ატყობინებს „112“-ს, აცნობებსს სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორსა და სამეურნეო ნაწილის გამგეს, ღებულობს პირველ ზომებს ხანძრის სალიკვიდაციოდ.
  6. დარაჯმა უნდა იცოდეს ხელწერა იმ პასუხისმგებელი პირებისა, რომელთა ნებართვაც აუცილებელია ობიექტზე მატერიალური ღირებულების შემოტანა-გატანისათვის, ობიექტის დაცვის წესი და ინსტრუქციები, შესაბამისი სამსახურების საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.


მუხლი 32

სკოლა-გიმნაზიის მეგარდერობე

  1. მეგარდერობე მოვალეა ზედამხედველობა გაუწიოს სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გარდერობს და უზრუნველყოს მოსწავლეთა სამოსის უსაფრთხო შენახვა მეცადინეობების მიმდინარეობისას.


მუხლი 33

სკოლა-გიმნაზიის ცეცხლფარეში

  1. ცეცხლფარეში ემსახურება წყლისა და ორთქლის ქვაბებს, არეგულირებს საქვაბის ხელსაწყოებს, უზრუნველყოფს საქვაბის მოწყობილობათა შეუფერხებელ მუშაობას, აღრიცხავს ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯს.
  2. ცეცხლფარეშმა უნდა იცოდეს: საქვაბეების მოწყობილობა, ცენტრალური და ცილინდრული ტიპის ტუმბოების მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი, ელექტროძრავების მუშაობის პრინციპი, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების წესები.
  3. ცეცხლფარეშის სამუშაო გრაფიკს ადგენს სამეურნეო ნაწილის გამგე.

მუხლი 34

სკოლა-გიმნაზიის დიასახლისი

  1. დიასახლისი მოვალეა უზრუნველყოს სკოლა-გიმნაზიაში კვების ბლოკის მომსახურება.



მუხლი 35

სკოლა-გიმნაზიის დამლაგებელი

  1. დამლაგებელი მოვალეა უზრუნველყოს სკოლა-გიმნაზიაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.


მუხლი 36

სკოლა-გიმნაზიის მებაღე

  1. მებაღე მოვალეა უზრუნველყოს სკოლა-გიმნაზიის ეზოსა და შენობის მიმდებარე გაზონების მოწესრიგებული მდგომარეობა.


მუხლი 37

სკოლა-გიმნაზიის ექიმი

სკოლა-გიმნაზიის ექიმი მოვალეა:

  1. განახორციელოს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
  2. შეაფასოს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარება და დროულად გამოავლინოს დარღვევები;
  3. ბავშვებსა და მოზარდებში გამოავლინოს სიმპტომები და სინდრომებია, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
  4. საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დაზარალებულს პირველადი და გადაუდებელი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე;
  5. დროულად გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური (საჭიროების შემთხვევაში); აწარმოოს სამედიცინო დოკუმენტაცია და ინფორმაციის ორგანიზება;
  6. განახორციელოს ღონისძიებები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციისათვის;
  7. დაგეგმოს ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებები და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  8. გაეცნოს სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა აცრების კალენდარს და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებით ხელი შეუწყოს იმუნიზაციის პროგრამებში მათ ჩართვას, მისცეს რეკომენდაციები;
  9. დაგეგმოს პროფილაქტიკური და გეგმიური ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათი განხორციელებას;
  10. ზედამხედველობა გაუწიოს სკოლა-გიმნაზიაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას;
  11. განახორციელოს ღონისძიებები საგიმნაზიო კვების უსაფრთხოების მიზნით;
  12. იზრუნოს მოსწავლეთა, გიმნაზიის პერსონალისა და მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ განათლებაზე;
  13. დაგეგმოს და განახორციელოს სკოლა-გიმნაზიაში ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები;
  14. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს აღმასრულებელ დირექტორს;
  15. მონაწილეობა მიიღოს სკოლა-გიმნაზიის დღის რეჟიმის შედგენაში.


მუხლი 38

სკოლა-გიმნაზიის შემცვლელი მასწავლებელი

  1. სკოლა-გიმნაზიის შემცვლელი მასწავლებელი დირექციის მითითებით, საჭიროების შემთხვევაში (სკოლა-გიმნაზიის ძირითადი მასწავლებლის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში) ატარებს გაკვეთილებს მისი კვალიფიკაციის შესაბამისად.


მუხლი 39

სკოლა-გიმნაზიის სპეციალური მასწავლებელი

სკოლა-გიმნაზიის სპეციალური მასწავლებელი მოვალეა:

  1. შეაფასოს და აღწეროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარები;
  2. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშაოს ინდივიდუალურად, მათ შორის რესურს-ოთახში და შექმნას საგანმანათლებლო რესურსები;
  3. აღწეროს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქო-ემოციური, ქცევითი, ფუქნციური და მოტორული უნარები და შეიმუშაოს მოსწავლის სწავლასთან გამოხატული სიძნელის პირველადი მართვის რეკომენდაციები მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის ხელმძღვანელის, მასწავლებლისა და სკოლა-გიმნაზიის დირექციისათვის;
  4. მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში;
  5. მონაწილეობა მიიღოს სკოლა-გიმნაზიის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში;
  6. ითანამშრომლოს კლასის ხელმძღვანელთან და მასწავლებლებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებაზე და მათი ქცევის მართვაში კონსულტაციის გაწევისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით;
  7. ასწავლოს კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენება და სოციალური ურთიერთობები;
  8. დაეხმაროს მასწავლებლებს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებაში, კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობისას;
  9. დაკვირვება აწარმოოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე, მის საქმიანობაზე, სსსმ მოსწავლესა და სხვა მოსწავლეებს შორის ურთიერთობებზე. საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოს კონსულტაცია მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს;
  10. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, დაეხმაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევაში;
  11. ითანამშრომლოს მოსწავლის კანონიერ წამრომადგენელთან, მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, მიაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები;
  12. ითანამშრომლოს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია გაუწიოს მათ მუშაობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან;
  13. დააკვირდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებას; დაკვირვების შედეგად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს სკოლა-გიმნაზიის დირექციას რეაგირებისთვის;
  14. საჭიროების შემთხვევაში, ასწავლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად იმუშაოს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.


მუხლი 40

სკოლა-გიმნაზიის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო

  1. სკოლა-გიმნაზიის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო (მრჩეველთა საბჭო) იქმნება სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; იგი არის კოლეგიური სათათბირო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სკოლა-გიმნაზიაში სააღმზრდელო, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების განხილვასა და სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას;
  2. სკოლა-გიმნაზიის მრჩეველთა საბჭო შემადგენლობაში არიან: აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, უფლებამოსილი პირი, კომენდანტი, კლასების ხელმძღვანელები;
  3. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრები იმართება სემესტრში ორჯერ მაინც და საჭიროების შემთხვევაში.


მუხლი 41

სკოლა-გიმნაზიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

სკოლა-გიმნაზიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მოვალეა:

  1. სკოლა-გიმნაზიაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა;
  2. საფრთხის გამოვლენის მიზნით განახორციელოს სკოლა-გიმნაზიის პერიოდული დათვალიერება;
  3. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი დროული აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად შეიმუშაოს და წარუდგინოს რეკომენდაციები სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელ დირეტორსა და აღმასრულებელი დირეტორის მოადგილეს საორგანიზაციო დარგში.


მუხლი 42

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ახორციელებს სკოლა-გიმნაზიაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
  2. თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ექვემდებარება აღმასრულებელ დირექტორს;
  3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:

ა) აკონტროლებს სკოლა-გიმნაზიაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს მონაცემთა დამუშავების რისკების შეფასების პროცესში;

გ) საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან;

დ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა ინფორმირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;

ე) განიხილავს მონაცემთა სუბიექტის განცხადებებს, საჩივრებს და/ან მომართვებს;

ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე კონსულტაციას უწევს სკოლა-გიმნაზიის დირექციას, მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს;

ზ) გამოავლენს, შეისწავლის და სათანადო რეაგირებას ახდენს პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტებზე;

თ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ახდენს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას;

ი) მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში, აგრეთვე აწარმოებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს;

კ) აანალიზებს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ლ) კონსულტაციებს იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან, მისი მოთხოვნით წარადგენს ინფორმაციასა და დოკუმენტებს;

მ) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის მონაცემთა დამუშავების პროცესისა და მისი უფლებების შესახებ.

ძიება