12 აპრილს გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართა მხიარული შეჯიბრი „წელიწადის დრონი“. ღონისძიებას, რომელშიც წმ. ნინოს სახელობის 1-ლი კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ, ორგანიზება კლასის
ხელმძღვანელმა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ნონა ხიდაშელმა და სპორტის მასწავლებელმა მარინე კახიაშვილმა გაუწიეს. შეჯიბრში ორი გუნდი, სახელწოდებით „გაზაფხული“ და „შემოდგომა“ მონაწილეობდა. სხვადასხვა ეტაპზე შეჯიბრის მონაწილეები ერთმანეთს სპორტულ და ინტელექტუალურ კონკურსებში ერკინებოდნენ. პირველკლასელებმა და მათმა მშობლებმა წინააღმდეგობების დაძლევის კარგი უნარი გამოავლინეს და თავი გამოიჩინეს ისეთ სახეობებში, როგორიცაა სლალომი, ბაგირის გადაწევა, ჩოგნით ბურთის ტარება, სავარჯიშო რგოლის ტრიალი, სახტუნაოთი ხტუნაობა, ტომრით ხტომა და სხვა. შეჯიბრში ჩართული იყო სიტყვების აწყობა და კითხვებზე პასუხის გაცემა წელიწადის დროებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. შეჯიბრის მონაწილეებს დაძაბულ ბრძოლაში გულშემატკივართა შეძახილები ამხნევებდა. შეჯიბრზე მსაჯობა უფროსკლასელებმა იტვირთეს. ეტაპებზე დაგროვილი ქულების დაანგარიშების შედეგად ჟიურიმ შეჯიბრის ფრედ დამთავრება გამოაცხადა.