2017 წლის 3 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს ორგანიზებით 21-ე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ვარშავის სამეცნიერო პიკნიკი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. გიმნაზიის ქიმიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი და მოსწავლეთა ქიმიის კლუბის ხელმძღვანელი ნელი ნაოჭაშვილი კოლეგებთან ერთად დაესწრო ვარშავის სამეცნიერო პიკნიკს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე შეირჩა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების სამი მასწავლებელი: ნელი ნაოჭაშვილი – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია , ნანა ფალიაშვილი – სსიპ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სოფ. კუმისის საჯარო სკოლა და ლაურა ჯიმშელეიშვილი – საერო გიმნაზია „შავნაბადა“. პედაგოგებმა დაათვალიერეს სხვადასხვა თემატიკის კარვები, გაეცნენ სიახლეებს, შეხვდნენ მკვლევართა კლუბების ქსელის წარმომადგენლებს პოლონეთიდან. ვიზიტის მეორე დღეს მათ დაათვალიერეს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი.
მიღებული გამოცდილების საფუძველზე ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ბაზაზე შეიქმნება საორგანიზაციო გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს მკვლევართა კლუბის აქტიურ მუშაობას.