ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით 2018 წლის 9-10 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“. ფესტივალი მიზნად ისახავს ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდების რწმენის გასაძლიერებლად გარემოს შექმნას მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით, კონკურსებით, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენებითა და თვითშემოქმედების წარდგენით. წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ: ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, წმ. შალვა და წმ. ელიზბარის სახელობის სკოლა; ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია; თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა; თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი; წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია; ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა; ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი; ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა; გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
ფესტივალს სტუმრობდა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), სასულიერო პირები მცხეთა-თბილისისა და შემოქმედის ეპარქიებიდან, სასწავლებლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, წმ. ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წელს. მოსწავლეებმა წარმოადგილეს მოხსენებები თემატიკაზე: ილია - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.
ხატვის კონკურსის მონაწილეებმა კი შეასრულეს ფერწერული და გრაფიკულო ნამუშევრები ილია ჭავჭვაძის ნაწარმოებების მიხედვით.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები სპექტაკლებით, ქორეოგრაფიული და მუსიკალური გამოსვლებით, ქრისტეშობის თემაზე შექმნილი კომპოზიციებით, საგალობლებისა და ფოლკლორული ნაწარმოებების შესრულებით მაყურებლებთან ერთად დღესასწაულობდნენ უფლის შობის დღეს. ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლო ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის სტუმრებმა და მასპინძლებმა დათვალიერეს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში მოწყობილი გორელი ხატმწერების მიერ შექმნილი ხატების გამოფენა და მოილოცეს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი,
10 იანვარს გაიმართა ფესტივალის დახურვის საღამო. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი.
ფესტივალის დასასრულს მეუფე ანდრიამ დააჯილდოვა კონფერენციისა და ხატვის კონკურსის მონაწილე მოსწავლეები, საჩუქრები გადასცა ფესტივალის სტუმარ სკოლებსა და მათ აღსაზრდელებს. დამშვიდობებისას გამომსვლელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობა მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში და მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს გულთბილი მასპინძლობისთვის.