„გენეთლია" 2019

 

2019 წლის 10-11  იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ. გორისა და ატენის ეპარქიის მხარდაჭერით, ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიის“ სტუმრებს მეცამეტედ უმასპინძლა. ფესტივალზე სტუმრობდნენ: თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა, თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია, სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, იქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა, შემოქმედის ეპარქიის ს. ქვედა ბახვის წმ. მარინეს ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლა, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია), გორის მუნიციპალიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ს. ყელქცეულის საჯარო სკოლა.

 

ფესტივალის მიზანია ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად, მოზარდებში რწმენის გასაძლიერებლად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით, კონკურსებით, სპორტული ასპარეზობით, ნამუშევრების გამოფენებითა და თვითშემოქმედების წარდგენით.

 

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ფესტივალის გახსნა ღირსი გიორგი მთაწმინდელის ტაძარში მიულოცა მონაწილეებსა და სტუმრებს. ფესტივალის საზეიმო გახსნას სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდნენ მონაწილეები და საპატიო სტუმარები: შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, ბატონი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილე, ქალბატონი ეკატერინე სუხიშვილი.

 

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს. მოსწავლეებმა სხვადასხვა რაკურსით განიხილეს საქართველოს დამოუკიდებლობის სამი წლის მანძილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები. გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ კონფერენციის ბოლოს შეაფასა მომხსენებელთა მიერ წარდგენილი საკითხები.

 

ხატვის კონკურსისს 10 მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პირობების მიხედვით მოსწავლეებმა ორნამენტზე იმუშვეს. ჟიურინ 3 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა, რომელთა ავტორები არიან: ნინო გოგოჭური (თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი, მე-7 კლასი);  ანა მაზმიშვილი (ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია,  მე-11 კლასი) და მედეა თუთაშვილი (თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა, მე-11 კლასი).

 

 

ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გიმნაზიის სცენაზე მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი გამოსვლები. ქრისტეშობის თემაზე შექმნილი სპექტაკლებით, კომპოზიციებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული საკონცერტო გამოსვლებით ენაცვლებოდნენ მოსწავლეები ერთმანეთს და სადღესასწაულო განწყობას უქმნიდნენ ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს.

 

 

ფესტივალის სიახლე იყო სპორტული ასპარეზობა. გუნდურ შეჯიბრში მოასპარეზე სკოლებიდან 6-6 მოსწავლე მონაწილეობდა - 3 გოგონა და 3 ვაჟი. ასპარეზობა სამ ეტაპად გაიმართა და პატარა სპორტსმენები სხვადასხვა თამაშებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ასპარეზობა ხალისიანად ჩატარდა და მონაწილეთა და გულშემატჯივართა დიდი მოწონება დაიმსახურა. ასპარეზობას მონაწილე სკოლების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. ქულების მეტი რაოდენობა წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის გუნდმა „არსიანმა“ (მასწავლებელი დავით უნგიაძე) მოაგროვა და ასპარეზობის გამარჯვებული გახდა. II ადგილზე  იქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლის გუნდი „ქართლოსი“ გავიდა, III ადგილი კი მასპინძლებს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის გუნდ „ტონთიოს“ ერგო. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

 

მრავალფეროვანი იყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გორის გიმნაზიის ფოიეში მოეწყო: ნახატები, ფოტოები, ნაქარგობა, ნაქსოვი, გობელენი, მინანქრის პანოები, აბრეშუმის, სელის, შალისა და თექის ქართული სამოსი და ნივთები, აპლიკაცია, ხის ნაკეთობანი და მრავალი სხვა სახის ნამუშევარი იყო წარდგენილი დამთვალიერებელთა წინაშე.

 

 

ფესტივალის საზეიმო დახურვის საღამოზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი რაფიელ მამულაშვილის პიესიდან „დამნაშავედ არ დავბადებულვარ“, შემდეგ კი გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) დააჯილდოვეს ხატვის კონკურსისა და სპორტული ასპარეზობის გამარჯვებულები და მონაწილენი, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს კონფერენციის მონაწილეებსა და სკოლების წარმომადგენლებს. საზეიმო დახურვას ესწრებოდა გორის მუნიციპალოტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით რაზმაძე. სტუმრებმა თავის გამოსვლებში შეაფასეს ფესტივალის მნიშვნელობა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში და მადლიერება გამოხატეს ორგანიზატორთა მიმართ. ფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა  მონაწილეებს.

 

ძიება