საგანგებო სიტუაციების დროს გიმნაზიაში მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მასწავლებლები, კლასების ხელმძღვანელები მოსწავლეებს აცნობენ ქცევის წესებს, ასევე გეგმავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც მოზარდებს გამოუმუშავებს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების უნარს, ასწავლის ზრუნვას როგორც საკუთარ თავზე, ასევე მათ გვერდით მყოფ ადამიანზე. 2023 წლის 9 ოქტომბერს გიმნაზიაში ჩატარდა სიმულაციური თამაში - მეექვსე კლასელებმა შეისწავლეს გიმნაზიის მეორე სართულის საევაკუაციო გეგმა, მოიძიეს ხანძრის დროს გამოსაყენებელი ინვენტარის განთავსების ადგილი, მიმანიშნებელი დაფები და საევაკუაციო გასასვლელები. გიმნაზიაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ნიშანზე მოსწავლეებმა აირჩიეს უმოკლესი გზა საევაკუაციო გასასვლელამდე და სახანძრო კიბით დაეშვნენ ეზოში „უსაფრთხო ადგილზე“ შესაკრებად. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ თამაშში და გამოავლინეს ექსტრემალურ პირობებში მეგობრების თანადგომის უნარი.